1758051983
ირაკლი ქადაგიშვილი: 4 ოქტომბერი შეიძლება იყოს ბოლო სერია ფერადი რევოლუციების სერიალისა

დღეს ქვეყანა შეიძლება ორ გამოკვეთილ ნაწილად დავყოთ. ეს არის მელიქიშვილი-რუსთაველის გამზირი და დანარჩენი საქართველო, - განაცხადა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას მხოლოდ არასამთავრობო სექტორი არ წარმოადგენს, მოქალაქეების უმეტესობას კი რევოლუციის სურვილი არ აქვს.
„რევოლუციას და დამხობას სჭირდება არამარტო კომიკური ფიგურების სურვილი და გაბანკროტებული პოლიტიკოსების გულში მჯიღის ცემა. სჭირდება ობიექტური მოცემულობები. ქართულ საზოგადოებაში ნუ განვიხილავთ მხოლოდ ე.წ. სამოქალაქო სექტორს. საქართველოს მოსახლეობას არანაირი სურვილი არ გააჩნია არათუ რაიმე რევოლუციის, საერთოდ დესტაბილიზაციისა, იქიდან გამომდინარე, რომ ხედავენ - ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის წინ. მათ იციან, რომ ეს არის მშვიდობის, სტაბილურობის დამსახურება და განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას და ნელ-ნელა ყველაფერზე აისახება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ გამართულ შეხვედრებზე, მოქალაქეებს დაპირებების სჯერათ, რამდენიმე წლის წინ კი ეს უჭირდათ. ამის მიზეზად დეპუტატი წინა არჩევნების დროს გაცემული დაპირებების შესრულებას ასახელებს.
„აქედან გამომდინარე, 4 ოქტომბერი შეიძლება იყოს ბოლო სერია ფერადი რევოლუციების სერიალისა“, - დასძინა ქადაგიშვილმა.