ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე: არანაირი საფუძველი, არც პოლიტიკური, არც სამართლებრივი, არცერთი პუნქტით საფუძველი არ არსებობს, რომ ეს მექანიზმი იყო ჩვენს მიმართ გამოყენებული

ირაკლი კირცხალია

არანაირი საფუძველი, არც პოლიტიკური, არც სამართლებრივი, არცერთი პუნქტით საფუძველი არ არსებობს, რომ ეს მექანიზმი იყო ჩვენს მიმართ გამოყენებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით.

კერძოდ, წამყვანმა მას ჰკითხა: „თქვენ რას ფიქრობთ, გაგრძელდება ეს დამოკიდებულება, მართლაც მიიღება თუ არა გადაწყვეტილება ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებაში თუ დარჩება შანტაჟის თემად, როგორც აქამდე იყო“.

როგორც ირაკლი კირცხალიამ აღნიშნა, გააჩნია ვის მიერ იქნება შეფასებული.

„როდესაც კვლევებს ვახსენებთ, ეს ხომ ყველასთვის ცნობილია. არამხოლოდ საქართველოში, საერთაშორისო დონეზე ცნობილია რეალურად დღეს სად დგას ჩვენი ქვეყანა თითოეული მიმართულებით. ეს იქნება ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ფასეულობები, სასამართლოს თავისუფლება იქნება, სიტყვის თავისუფლება იქნება, მედია თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება, ეკონომიკური ზრდა. ეს ხომ მშრალი ციფრებია. ეს ხომ სტატისტიკაა, ამას ხომ ვერავინ ვერსად გაექცევა. ახლა იმ პოლიტიკურ მდგენელს, როდესაც მე ვსაუბრობ, ბრიუსელმა შეიქმნა ყველა ბერკეტი, რომ საუკეთესო დიქტატორული თვისებებით შეიმკოს თავის თავი, იმოქმედოს და ყველანაირი ბერკეტი ჰქონდეს პოლიტიკური ზეწოლის იმ ქვეყნების მიმართ, რომელი ქვეყანაც ვერ იქცა მათ პროქსი სახელმწიფოდ და ვისთანაც ინტერესი ჰქონდა. ჩვენ ვართ ამ რიგებში. დღესაც არ განელებულა ის ინტერესი, რომ ჩვენ ვიყოთ ყურმოჭრილ, ვასალურ დამოკიდებულებაში, რასაც მკაფიო უარი უთხრა თავმოყვარე საზოგადოებამ და ქვეყანამ. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს ხომ შანტაჟის იარაღია.

არანაირი საფუძველი, არც პოლიტიკური, არც სამართლებრივი, არცერთი პუნქტით საფუძველი არ არსებობს, რომ ეს მექანიზმი იყო ჩვენს მიმართ გამოყენებული“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მსოფლიოს 61 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირა.