1759955191
„გახმაურებული „სვანური საქმე“ - 2010 წელს გასამართლებული მზევინარ და ჯამბულ ჯაფარიძეების მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობისა და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2010 წელს გასამართლებულების მზევინარ და ჯამბულ ჯაფარიძეების მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა.
2010 წელს, ჯამბულ და მზევინარ ჯაფარიძეები სხვა პირებთან ერთად გასამართლდნენ ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
იმჟამინდელი ბრალდების თანახმად, კანადის მოქალაქე უ.ს-მ დაბა მესტიაში შეიძინა ტურისტული ბაზა „უშბა“ და მის სახელზე არსებული ქონების მართვაში თავის მინდობილ პირად დ.ქ. დანიშნა, რომელმაც გადაწყვიტა დაეთვალიერებინა დასახელებული უძრავი ქონება და დაეგეგმა მისი აღდგენისა და ამოქმედებისთვის აუცილებელი ღონისძიებები. იგი, 2010 წლის 30 ივნისს ჩავიდა დაბა მესტიაში, სადაც გაარკვია, რომ ზოგიერთ ადგილობრივს გარკვეული პრეტენზია გააჩნდა ზემოხსენებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით. სიტუაციაში გარკვევის მიზნით, დ.ქ. სასტუმრო „მესტიაში“ შეხვდა ბრალდებულებს და მათ ნათესავებს. მსჯავრდების საქმის თანახმად, ბრალდებულებმა დ.ქ. -ს განუცხადეს, რომ მათ არ გააჩნდათ დასახელებული უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო ზემოხსენებული ტურისტული ბაზა, წარსულში ეკუთვნოდა მათ და მათ წინაპრებს. მსჯავრდების საქმის მიხედვით, ტურისტული ბაზის მართვის განხორციელებისა და ბაზაზე სამუშაოების შეუფერხებლად ჩასატარებლად აღნიშნულმა პირებმა ძალადობის მუქარით დ.ქ. -ს მოსთხოვეს მათთვის გადაეხადა 220 000 (ორას ოცი ათასი) ლარის ოდენობის ფულადი თანხა.
2010 წლის 07 ივლისს დ.ქ. სასტუმრო „მესტიაში“ შეხვდა შ. ჯ. - ს, დ. ჯ. -ს და ტ. ჯ.-ს და გადასცა მათ მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი 70 000 ლარის ოდენობით. თანხის გადაცემის დროს სამართალდამცავებმა აღნიშნული პირები დააკავეს. ასევე საკუთარ სახლში დააკავეს მზევინარ ჯაფარიძე, ხოლო ჯამბულ ჯაფარიძეს მოგვიანებით დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და გამოცხადდა ძებნა.
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით გამოირიცხა ყოფილ მსჯავრდებულთა მიერ რამე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი და დადგინდა, რომ მზევინარ და ჯამბულ ჯაფარიძეები არ დასწრებიან შეხვედრებს, რომელზეც დ.ქ.-ს მიერ სხვა მსჯავრდებული პირებისათვის თანხის გადაცემა განხორციელდა. პროკურატურის შუამდგომლობისა და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე 2025 წლის 7 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზევინარ და ჯამბულ ჯაფარიძეების მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა.
დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 488 პირი, რომელთაგან 335 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდათ (ან დაპრუნების პროცესშია) დაახლოებით 67 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება.
გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 124 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 123 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 30 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი