ირაკლი ჭეიშვილი EPP-ის განცხადებაზე: ჯერ ადამიანები არ დაგვიკავებია და უკვე გვიტევენ და განცხადებებს აკეთებენ, რომ დემოკრატია საფრთხეშია. თურმე, ადამიანებს არასწორად აკავებენ და გამოძიება არ უნდა გაფართოვდეს

ირაკლი ჭეიშვილი

ჯერ ადამიანები არ დაგვიკავებია და უკვე გვიტევენ და განცხადებებს აკეთებენ, რომ დემოკრატია საფრთხეშია. თურმე, ადამიანებს არასწორად აკავებენ და გამოძიება არ უნდა გაფართოვდეს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა EPP-ის განცხადების კომენტირებისას.

კითხვაზე, 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის გამო დაკავებულ პირებზე აღძრული სისხლი.ს სამართლის საქმეები შესაძლოა თუ არა ისევ გახდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელისუფლების დადანაშაულების საბაბი, ჭეიშვილმა აღნიშნა, რომ EPP-ის განცხადებაც სწორედ ამაზე მეტყველებს.

„მაშინ, როდესაც პრეზიდენტის სასახლეს უტევენ, ქვებს ესვრიან, პოლიციელებია დაშავებული, ანგრევენ ღობეებს, აპირებენ პრეზიდენტის სასახლეში შესვლას და ამის მიუხედავად, იმის მაგივრად, რომ მოუწოდონ, დაამშვიდონ საკუთარი აქტივისტები, ევროპარლამენტარებს ვგულისხმობ - კონკრეტულ ჯგუფს, რომელიც საქართველოზე არის გამოყოფილი, პირიქით, მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ თურმე, ჩვენ არასწორად ვიქცევით და განცხადებებს ავრცელებენ.

ეს ღონისძიება თავიდან ბოლომდე მათ მიერაა დაგეგმილი ნებისმიერი დეტალი! მთელი თვის განმავლობაში გეგმავდნენ ევროპელები და ახლა უბრალოდ პანიკაში არიან, არ იციან, რა გააკეთონ. რას ველოდებით, რა განცხადება უნდა გააკეთონ?! გამოვლენ და იტყვიან, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სწორად მოიქცა?! მსგავსს არაფერს იტყვიან. პირიქით, იტყვიან, რომ ესენი არიან პოლიტპატიმრები“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

თბილისში, 4 ოქტომბერს განვითარებული ძალადობრივი პროცესების ფონზე, EPP ძალადობის შეწყვეტისკენ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, მაგრამ არაფერს ამბობს ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების მიერ ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე.