გვინდა, 4 ოქტომბერს ჩვენი ყრილობისთვის მოგვცენ ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადგილია, სადაც შეიძლება, დავეტიოთ - პაატა ბურჭულაძე

პაატა ბურჭულაძე

მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს ყრილობის გამართვას გეგმავს.  ბურჭულაძემ მერიაში განცხადება დატოვა, რომლითაც ითხოვს ნებართვას, ყრილობა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ჩაატაროს.

„ყველამ ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ცვლილებები გარდაუვალია, წარმოუდგენელია, რომ ეს დიდი ხანი გაგრძელდეს. ჩემი აქ მოსვლის მიზეზი იყო ის რომ, ჩვენი ყრილობისთვის, რომლის ჩატარებაც გვინდა, მოგვცენ ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადგილია, სადაც შეიძლება დავეტიოთ. ამიტომაც, შევიტანეთ ეს განცხადება.

მოძრაობა „რუსთაველის გამზირი“ ვცდილობთ, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ და მშვიდობიანად მოხდეს ხელისუფლების გადაბარება. ამიტომაც, გვინდა, მოვიწვიოთ ყრილობა 4 ოქტომბერს, როდესაც, თითქოს, უნდა ყოფილიყო არჩევნები და შემდეგ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს რა უნდა.

მერიამ რატომ უნდა გვითხრას უარი, არაფერს არაკონსტიტუციურს და არაკანონიერს ჩვენ არ ვაკეთებთ. გვინდა გვქონდეს ის ადგილი, სადაც დავეტევით. პრინციპში, პატარა ადგილია. 55 000 ადამიანი ეტევა. იქ, მოედანზეც ერთი 25 000 კაციც რომ დავატიოთ და დანარჩენი გარეთ იქნება. ერთი სიტყვით, ყველაფერი კეთდება, რომ მშვიდობიანად გადმოვიბაროთ ხელისუფლება“,- განაცხადა ბურჭულაძემ.