გივი მიქანაძე: შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დამსახურებულად დაიმკვიდრა ადგილი თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყოველი მესამე სტუდენტი აფხაზეთის მკვიდრია

გივი მიქანაძე

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყოველი მესამე სტუდენტი აფხაზეთის მკვიდრია. შესაბამისად, უნივერსიტეტი წარმოადგენს ერთგვარ ხიდს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობასა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის, - განაცხადა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

„შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დამსახურებულად დაიმკვიდრა ადგილი თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში და მოიპოვა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი.

რეგიონში საგანმანათლებლო კერად ქცეული უნივერსიტეტი, ამავდროულად, უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ როლს ასრულებს - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყოველი მესამე სტუდენტი აფხაზეთის მკვიდრია. შესაბამისად, უნივერსიტეტი წარმოადგენს ერთგვარ ხიდს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობასა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის, რითაც უდიდესი წვლილი შეაქვს სამშვიდობო განათლებაში.

უნივერსიტეტის ბოლოდროინდელი წარმატებები დაკავშირებულია პროფესორ-მასწავლებელთა მაღალკვალიფიციურ, ძლიერ გუნდთან, რომელთა დაუღალავი შრომით, საქმისადმი ერთგულებითა და პატრიოტიზმით შესაძლებელი გახდა ხელშესახები შედეგების მიღწევა.

შეუძლებელია, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებაზე საუბრისას არ გამოვყო ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა, რაც სხვა მნიშვნელოვან ინიციატივებთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში გამოიხატება.

განათლება დღეს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ამის ნათელი დასტურია ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი კობახიძის განსაკუთრებული მხარდაჭერით 2025 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი, პირველად ისტორიაში, მესამე ბიუჯეტი გახდა ქვეყანაში.

ამასთან, პრემიერის მეთაურობით, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომლის მიერ შემუშავებული ფუნდამენტური რეფორმის კონცეფციის საჯარო პრეზენტაცია უახლოეს პერიოდში იგეგმება“, - განაცხადა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ.