გიორგი ვოლსკი: არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ვინმეს არ მოუნდეს მონაწილეობის მიღება საარჩევნო პროცესში, რადგან იცის, რომ გარანტირებულად წააგებს და ურჩევნია, რევოლუციური გზა განავითაროს, მით უმეტეს, რომ ამ გზასაც ბევრი მხარდამჭერი ჰყავს

ვოლსკი

არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ვინმეს არ მოუნდეს მონაწილეობის მიღება საარჩევნო პროცესში იმის გამო, რომ იცის გარანტირებულად წააგებს და ურჩევნია რევოლუციური გზა განავითაროს, მით უმეტეს, რომ ამ გზასაც ბევრი მხარდამჭერი ჰყავს დღესდღეობით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით.

მანვე აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს რომელი პარტია რა აზრზეა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, მთავარია რას გადაწყვეტს რადიკალური ოპოზიციისთვის ინსტრუქციების მიმცემი ევრო ბიუროკრატია.

„შეიძლება შენ რაღაც ივარაუდო, მაგრამ სხვანაირად დაგეგმოს მაკკეინის ინსტიტუტმა, რომელშიც მუშაობენ და ხელფასს იღებენ მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი და სხვები. ადამიანები, რომლებიც კონკრეტულად არიან კონკრეტული პოლიტიკური ამოცანის შესრულებაზე ორიენტირებული. ასე რომ ჩვენ თუ პროგნოზს ვაკეთებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ძალიან შორს ვართ რეალობიდან. იგივეა ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებითაც. აქ ყველას ერთიანი აზრი არ აქვს, მაგრამ არავის აზრი აინტერესებს იმ ჯგუფს, ამ შემთხვევაში ევრო ბიუროკრატიას, რომელიც ინსტრუქციებს გასცემს. გარკვეული თემები, მიდგომები შეიცვალა, ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებასთან საუბარია საჭირო. უკვე ვიღაცამ გააჟღერა, რომ არ შეიძლება ეუთო/ოდირის ავტორიტეტი ასე შელახო იმიტომ, რომ ამ ყველაზე კომპეტენტურმა ორგანიზაციებმა განცხადება გააკეთეს, რომ არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია. საგარეო კურსთან დაკავშირებით თუ ვინმეს სხვა აზრი აქვს, გამოვიდეს და თქვას მიზეზი, თუ რა აძლევთ ამის თქმის საფუძველს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ ერთი მთავარი ძალიან სერიოზული პრობლემა - არ გააჩნიათ გეგმა, რაიმე პროგრამა, რაც პარტიის მთავარი მახასიათებელია თუ, როგორ უნდა შეიცვალოს ესა თუ ის დარგი, პოლიტიკა ამა თუ იმ სფეროში, რომელი იქნება უკეთესი ხალხისთვის და ა.შ.

„აქ ორი არჩევანია, ერთი - გეუბნება, რომ ხელისუფლება უნდა მოვიდეს ისეთი, რომელიც იქნება დამყოლი, მარიონეტი და მეორე - უნდა იყოს ხელისუფლება, რომელიც გაჩვენებს ეკონომიკური, სოციალური მიმართულებით პროგრესს და იმ პროგრესს, რომელიც შეაფასეს საერთაშორისო დონეზე, რომელიც შეაფასეს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. ეს არის არჩევანი და ამ არჩევანში არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ვინმეს არ მოუნდეს მონაწილეობის მიღება საარჩევნო პროცესში იმის გამო, რომ იცის გარანტირებულად წააგებს და ურჩევნია, რევოლუციური გზა განავითაროს, მითუმეტეს, რომ ამ გზასაც ბევრი მხარდამჭერი ჰყავს დღესდღეობით“, - აღნიშნა ვოლსკიმ.