გიორგი შარაბიძე დეზინფორმაციაზე: ამასთან ბრძოლა ძალიან რთულია, მით უმეტეს, საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. ერთადერთი გზა, რაც არსებობს, ეს არის სიმართლის თქმა და რაც შეიძლება მეტად საუბარი საარჩევნო პროცედურებზე

გიორგი შარაბიძე

ამასთან ბრძოლა ძალიან რთულია, მით უმეტეს, საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ, რითაც უპასუხა კითხვას, ბრძოლის რა მექანიზმები არსებობს დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ.

გიორგი შარაბიძის თქმით, ერთადერთი გზა, რაც არსებობს, ეს არის სიმართლის თქმა და რაც შეიძლება მეტად საუბარი საარჩევნო პროცედურებზე.

„რამდენიმე კვირის წინ საკმაოდ ფართომასშტაბიანი კონფერენცია გვქონდა საერთაშორისო ექსპერტების და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლების მონაწილეობით და ფაქტობრივად, ეს რომ მსოფლიო გამოწვევაა, იქ არაერთხელ იყო აღნიშნული და ხაზგასმული. ამასთან ბრძოლა ძალიან რთულია, მით უმეტეს, საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. ერთადერთი გზა, რაც არსებობს, ეს არის სიმართლის თქმა და რაც შეიძლება მეტად საუბარი საარჩევნო პროცედურებზე, სინამდვილეში რა როგორ არის კანონის თანახმად იმისთვის, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს საშუალება, რათა მიიღოს ვერიფიცირებული და სწორი ინფორმაცია.

სხვა უნივერსალური რეცეფტი უბრალოდ არ არსებობს და სწორედ აქედან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაცია ერთის მხრივ, 24 საათიან მონიტორინგის უწევს იმ ღია სივრცეს, ღია წყაროებს, სადაც შეიძლება დეზინფორმაცია გავრცელდეს და ამის მიხედვით ის ინიშნავს და ახორციელებს რეაგირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაზე მთავარი, ამომრჩეველს ჰქონდეს ობიექტური, ვერიფიცირებული და გადამოწმებული ინფორმაცია“, - აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.