ამინდი მკვეთრად იცვლება - განახლებული პროგნოზი
1747741125
2009 წლის 15 ივნისის ცნობილი დარბევა ხომ გახსოვთ, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, მხოლოდ "itv"-მ გადაიღო, ესეც სრულიად შემთხვევით მოხდა, იმიტომ, რომ მარშალ გელოვანის მხრიდან იყო ყველა ჟურნალისტი და ყველა კამერა შეკრებილი, მათ შორის, ჩვენი კამერაც, რომლებსაც წაართვეს კამერები და წაუშალეს მასალები ძალოვნებმა. თუმცა, სააპელაციო სასამართლოში, ქვევით მხრიდან გვყავდა ჯგუფი გაგზავნილი და ამ ჯგუფმა გადაიღო დარბევის კადრები, რომელიც შემდეგ აჩვენეს, ამ კადრებმა მსოფლიო მოიარა და ამაზე იყვნენ "ნაცები" განსაკუთრებით გამწარებული ჩვენზე, - ამის შესახებ ჟურნალისტმა გიორგი იაკობაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის მიერ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილება.
აღნიშნულ თემაზე საუბრისას, კომისიის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ეს იყო მცირერიცხოვანი, მშვიდობიანი შეკრება, სადაც არაფერი ხდებოდა და სასტიკი დარბევა უცებ დაიწყო.
"დასაზუსტებელია ის მომენტი, რომ ის მცირე შეკრება იყო, აბსოლუტურად არაპროვოცირებული, სრულიად მშვიდობიანი შეკრება იყო, არაფერი ხდებოდა და მოულოდნელად, სეტყვასავით რომ წამოვა, ისე წამოვიდა სასტიკი დარბევა. ფაქტობრივად, [2011 წლის] 26 მაისის დარი დარბევა იყო, არ ჩამოუვარდებოდა. რამდენიმე ადამიანს, ცნობილი ადამიანები არიან და მათი ნებართვის გარეშე არ დავასახელებ სახელს და გვარს, სხეულის და სახის ისეთი დაზიანებები მიაყენეს გამიზნულად, ბლაგვი მეტალის საგნებით სპეციალურად, რომ ისინი დასახიჩრებულიყვნენ. ეს უნდა ვიცოდეთ," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
იაკობაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი პირი, ვინც ხელკეტით ხალხს უსწორდებოდა, გოგა ონიანი იყო. თავად დარბევას რაც შეეხება, მისი თქმით, 1987 წლიდან აქციებში იღებდა მონაწილეობას, თუმცა, 15 ივნისის დარბევის მსგავსი სისასტიკე არსად უნახავს.
"გელოვანის მხრიდანაც შეუტიეს მომიტინგეებს. სხვათა შორის, ერთ-ერთი გოგა ონიანი იყო, ვინც ხელკეტს იქნევდა და სააპელაციო სასამართლოს ეზოში რომ იყვნენ ჩასაფრებულები, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია - იქიდან გამოვარდნენ. მე 1987 წლიდან, ალბათ ყველა აქციაში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ლამის ყველა დარბევაში თითო "დუბინკა" ყოველთვის მომხვდა, მაგრამ ასეთი არაფერი მინახავს. 26 მაისის ღამეს, ყველა ველოდით, რომ ეს იქნებოდა "ნაცების" ბუნებიდან გამომდინარე, მაგრამ ყველაფერი უცებ მოხდა. მე იქ ვიყავი, ისე სასტიკად დაიწყო [დარბევა] არც გაფრთხილება, არც დაძახება, რომ შეიძლება მოხდეს - უცებ გამოვარდნენ და ხელკეტებით ხალხს დაერივნენ. ეს კადრები, მგონი სადღაც კიდევ არსებობს." - განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.