გიორგი გაბუნია: „ნაცმოძრაობის“ საკონსტიტუციო სარჩელი დავალების შესრულებაა, რათა მათი გადარჩენა და პოლიტიკაში მათი დატოვება მოხდეს

გიორგი გაბუნია

„ნაცმოძრაობის“ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი დავალების შესრულებაა, რათა მათი გადარჩენა და პოლიტიკაში მათი დატოვება მოხდეს, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ეს გარე დავალებაა, თუმცა სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს და გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს“.

„ნაცმოძრაობის“ გადარჩენა მათ ლობისტებს უნდათ. დასავლეთში ძალები არსებობენ, რომლებიც ქვეყანაში ამ რადიკალიზმს ლობირებენ. პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია ერთადერთი გზაა მაშინ, როცა ამ ძალას სხვა არანაირი მხარდაჭერა და შანსი არ აქვს, რომ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდეს. შესაბამისად, ერთადერთი გზა, რომ ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, გადატრიალება და რევოლუციაა. როგორც ჩანს, ეს გეგმა ისევ არსებობს. ათწლეულებია, ეს ადამიანები ქვეყნის პოლიტიკას წამლავენ. მათში ჩადებულია მილიონობით დოლარის რესურსი. სწორედ ამ „ინვესტორების“ მიზანია, რომ ეს პარტია გადარჩეს. ამ სამართლებრივ პროცესს წინ ვერავინ დაუდგება, რადგან გამოკვლეული და გამოძიებულია, რომ „ნაცმოძრაობა“ დამნაშავე რეჟიმია. ისინი ქვეყნას და პოლიტიკურ პროცესს მუდმივად აზიანებენ. ეს პროცესი უნდა დასრულდეს“,- განაცხადა გაბუნიამ.