რა თქვა ჩვენებაში მთამსვლელმა, რომელსაც შეყვარებულის სიკვდილში ადანაშაულებენ - ტრაგედიის ახალი დეტალები

მთამსვლელი

ავსტრიის უმაღლეს მწვერვალზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 36 წლის მთამსვლელი თომას პლამბერგერი აცხადებს, რომ გადარჩენისთვის ვერტმფრენით დახმარებას ითხოვდა, თუმცა სამაშველო ოპერაციის განხორციელებაზე უარი მიიღო.

მისი თქმით, შეყვარებული ფიზიკურად იმდენად იყო გამოფიტული, რომ გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა, რის გამოც იძულებული გახდა, დახმარების საძებნელად მარტო წასულიყო.

პროკურორების განცხადებით კი, მამაკაცმა ქალი დაუცველ მდგომარეობაში დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ თავად დიდი გამოცდილება ჰქონდა და პასუხისმგებელი გიდის როლი ეკისრებოდა.

პროკურორების ვერსიით, პლამბერგერი და მისი პარტნიორი გზაზე ღამის 21:00 სააათზე გაიჭედნენ. მათი განცხადებით, მამაკაცმა სამაშველო პირველად ღამის 01:35 საათზე გამოიძახა და დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ დახმარების საძებნელად მარტო გაემართა.

სამაშველო ჯგუფებმა ქალის გაყინული ცხედარი მეორე დილით იპოვეს.

ბრალდების წარდგენის შემდეგ, პლამბერგერის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი შეყვარებულის გარდაცვალება „ტრაგიკული და საბედისწერო შემთხვევა“ იყო.

თომას პლამბერგერის სასამართლო პროცესი ინსბრუკის რეგიონულ სასამართლოში თებერვალში გაიმართება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას სამწლიანი პატიმრობა ემუქრება.