ეუთო/ოდირმა, რომელმაც საქართველოში არჩევნების დაკვირვებაზე უარი დროის სიმცირის გამო განაცხადა, ჩეხეთში მიემგზავრება - მმართველ გუნდში სადამკვირვებლო მისიის მხრიდან ორმაგი სტანდარტის გამოყენებაზე საუბრობენ

ეუთო/ოდირი

რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა გაიხსენა, 2008 წლის 5 იანვარს გაიმართა. თუმცა არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება 2007 წლის ნოემბრის ბოლოს მიიღეს. ეს დოკუმენტი ადასტურებს რომ მაშინ, ეუთო/ოდირმა სადამკვირვებლო მისიის ორგანიზება და საქართველოში გამოგზავნა ერთთვიან პერიოდში შეძლო.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მისიის დასაკომპლექტებლად, ერთთვიანი ვადა საკმარისი აღმოჩნდა ჩეხეთის შემთხვევაშიც, სადაც საპარლამენტო არჩევნები 3 ოქტომბერს იმართება, მოწვევა კი ოდირმა 2 სექტემბერს მიიღო.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩეხეთმა სადამკვირვებლო მისია არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მიიწვია, სიმართლეს არ შეესაბამება თენგო თევზაძის მტკიცებით. "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ოდირი საარჩევნო ექსპერტია და ჯერ კიდევ 4 აგვისტოს მიიღო წერილი, პრაღაში გასაგზავნი მისიის შეგროვების თაობაზე.

სტატუსი გამოაქვეყნა ლევან ნატროშვილმაც, რომელიც წერს, რომ ჩეხეთში საჭიროებათა შეფასების მისია ნამდვილად გაიგზავნა მაისში. ამ ჯგუფმა ჩეხეთში არჩევნებზე დასაკვირვებლად არჩევნების შეფასების მისიის ტიპი განსაზღვრა და გადაწყდა რომ არჩევნებს მიპატიჟების შემთხვევაში EAM-ის მისია დააკვირდებოდა. არსებული ინფორმაციით EAM-ის მისიის მიწვევის დოკუმენტი კი ოფიციალურმა პრაღამ ეუთოს 2 სექტემბერს გაუგზავნა. ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, კურიერმა დღეს წერილი
მიწერა ეუთო/ოდირს, ოფიციალურად გაასაჯაროოს ინფორმაცია, როდის მიიღო მიწვევა პრაღიდან.

მმართველ გუნდში ეუთო/ოდირის მხრიდან ორმაგი სტანდარტის გამოყენებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა ევრობიუროკრატიის ზეწოლას ვერ გაუძლო. სახელისუფლებო გუნდში ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კანონმდებლობაში არსად არ არის გაწერილი სადამკვირვებლო მისიის დაკომპლექტების ვადები.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად, ეუთო/ოდირის მისია პრემიერ-მინისტრმა 6 სექტემბერს მოიწვია. 9 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ დროის სიმცირის გამო, ეუთო/ოდირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნაზე უარი განაცხადა.