,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს და ყოფილ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

ჰო

 სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ ბრალს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს და ყოფილ პროკურორს.

ლევან ხაბეიშვილი პოლიციის თანამშრომლებისთვის ქრთამის საჯაროდ შეთავაზების გამო, მურთაზ ზოდელავა კი, ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გადამალვის, გაქცევის, სამართალდამცველებისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის და ერთ მათგანზე ძალადობის გამო დააკავეს.

ხაბეიშვილი საჯარო მოხელეებს 200 000 დოლარის გადახდას სთავაზობდა, რის გამოც, მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, მურთაზ ზოდელავას კი 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი არის პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკური განცხადების გამო დააკავეს.

"იგი არის პოლიტიკოსი, რომელიც დაკავებულია პოლიტიკური განცხადებისთვის. ის დააკავეს იმისთვის, რომ ჰქონდა რწმენა გამარჯვების და არ სურთ, რომ ეს რწმენა გადაედოს ხალხს. იგი ამბობს, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ბოლომდე. მას აქვს იგივე მესიჯი ყველა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებთან - შეთავაზება არის ძალაში, ის თანამშრომლები, რომლებიც კეთილსინდისიერად შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას და გადავლენ ხალხის მხარეს, მომავალი ხელისუფლება მათ დააჯილდოებს სოლიდური ფულადი ჯილდოთი", - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მურთაზ ზოდელავას ადვოკატმაც. ბექა ბასილაიას განცხადებით, ზოდელავას დაკავების საფუძველი აბსურდულია.

"მურთაზი არის მხნედ. დაკავების საფუძველი არის აბსურდული. დაშვებაც კი რომ გავაკეთოთ მობილური ტელეფონი ლევანმა გადასცა მურთაზს - ეს რა დანაშაულია?! კადრები არსებობს, მურთაზი მათ მანქანაში ზის და ეუბნება, რომ ვიდრე ტელეფონს არ დამიბრუნებთ, მანამდე არ დაგტოვებთ, ანუ მურთაზი იქით ეუბნება [დარჩენას]. რომელ წინააღმდეგობაზე ან რა პოლიციელზე ძალადობაზეა საუბარი", - განაცხადა ბექა ბასილაია.