დავით სონღულაშვილი: ქართული წარმოების ხელშეწყობა რჩება მთავარ პრიორიტეტად

დავით სონღულაშვილ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდაკში კომპანიების Family Farm (ფემილი ფარმი) და FFF Georgia (ფფფ ჯორჯია) მესაქონლეობის ფერმა, ცხოველთა საკვების საწარმო და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

მინისტრი თანამედროვე სტანდარტების ფერმაში ცხოველთა კვების სისტემის მუშაობის პრინციპებს გაეცნო, მოისმინა ინფორმაცია ბიოუსაფრთხოების წესებისა და ვეტერინარული კონტროლის მექანიზმის შესახებ, ასევე, დაათვალიერა მშენებარე ობიექტი, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, კომპანია წარმოების სიმძლავრეების გაზრდას შეძლებს. ცხოველის საკვების საწარმოში ყურადღება გამახვილდა მარცვლეულის მიღების, ხარისხის კონტროლისა და შენახვის საკითხებზე.

დავით სონღულაშვილმა ქართული წარმოების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო არაერთ პროექტს და პროგრამას ახორციელებს, რომელთა ფარგლებში ფერმერებისა და მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომია შეღავათიანი აგროკრედიტი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა, გადამმუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა, ბაღების გაშენება, თანამედროვე სარწყავი სისტემების მოწყობა და კიდევ არაერთი მიზნობრივი მხარდაჭერა.

აღინიშნა, რომ მსხვილფეხა მეცხოველეობის განვითარებისთვის განსაკუთრებული როლი ენიჭება შიდა ქართლის რეგიონს, აქ წარმოდგენილია მაღალპროდუქტიული ფერმების ნაწილი, სადაც იწარმოება მეცხოველეობის პროდუქტების მნიშვნელოვანი წილი, რომლებიც განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.

კომპანიები Family Farm (ფემილი ფარმი) და FFF Georgia (ფფფ ჯორჯია) სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარი კომპანიებია. შპს „ფემილი ფარმმა“ „შეღავათინი აგროკრედიტის“ პროექტითა და „მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების“ პროგრამით ისარგებლა. კომპანიამ „ფფფ ჯორჯია“ შემნახველი საწარმოს შექმნისათვის 500,000 ლარის ოდენობის თანადაფინანსება მიიღო. სახელმწიფო პროგრამის დახმარებით კომპანიამ მარცვლოვნების შემნახველ საწარმოში სურსათის უვნებლობის სტანდარტი HACCP დანერგა.

შპს „ფემილი ფარმში“ დღიურად 16 ტონა ნედლი რძე იწარმოება, რომელიც სრულად რეალიზდება ადგილობრივ ბაზარზე. მომავალი წლიდან, წარმოების სრული ციკლის ამოქმედების შემდეგ, დაგეგმილია რძის ყოველდღიური გამომუშავების 30 ტონამდე გაზრდა.

დავით სონღულაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ბენეფიციარი კომპანიის მეღორეობის ფერმაშიც - „ახალი ფერმა“ იმყოფებოდა; დღეისათვის, ფერმაში წარმადობა 6,000 სულია.

მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.