დავით მათიკაშვილი: ევროსაბჭოდან უსაფუძვლო ბრალდებები პირველი შემთხვევა არ არის, სამწუხაროდ, ისევ ადგილი აქვს უსამართლო ზეწოლას ჩვენს ქვეყანაზე, რომელსაც საქართველო არ დაემორჩილება

დავით მათიკაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ევროსაბჭოდან უსამართლო ბრალდებები პირველი შემთხვევა არ არის.

მათიკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბრალდებებს არანაირი რეალური საფუძველი არ აქვს.

დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ისევ ადგილი აქვს უსამართლო ზეწოლას, რომელსაც საქართველო არ დაემორჩილება.

„რაიმე ფორმით ამ ურთიერთობის ამ მდგომარეობაში ჩაგდებით თუ არის რომელიმე მხარე დამნაშავე, ცხადია, პირველ რიგში, ეს არის ის მხარე, რომელიც საქართველოსგან უსამართლოდ და უსაფუძლოდ ითხოვდა და ითხოვს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ქართველი ხალხის ნება-სურვილს არ ასახავს. საქართველოში მილიონ 200 ათას ადამიანს სურს ხელისუფლება, რომელიც ჰყავთ და ევროსაბჭოდან და ევროკავშირის სხვა უწყებებიდან ხდება მოწოდება, გაუქმდეს არჩევნები, რომელიც სამართლიანად ჩატარდა. რომელზეც სწორედ ამ ორგანიზაციის სისტემაში არსებულმა ძალიან მნიშვნელოვანმა და ავტორიტეტულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, ეუთო/ოდირმა განაცხადა, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად, არჩევნები სამართლიან გარემოში შედგა და ხელისუფლება არჩეულია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მათ ფეხქვეშ გათელეს ეუთო/ოდირის დასკვნა. არაფრად ჩააგდეს საკუთარი სისტემის ნაწილის განცხადებები და დასკვნები არჩევნებთან დაკავშირებით და  ისეთ გადაწყვეტილებებს ითხოვენ ჩვენგან, ქართველი ხალხისგან, რომელიც საქართველოს ნება-სურვილს არ შეეხება. ამიტომაც ცხადი და ნათელია, რომ ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ისევ ადგილი აქვს უსამართლო ზეწოლას ჩვენს ქვეყანაზე, რომელსაც საქართველო არ დაემორჩილება“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მათიკაშვილის განმარტებით, საქართველოსთვის, როგორც სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილება, რასაც ქართველი ხალხი და საქართველო იღებს.

„ქართველმა ხალხმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელსაც საკუთარი დასკვნით მხარი დაუჭირა ეუთო/ოდირმა და განაცხადა, რომ არჩევნები შედგა და სამართლიანი იყო. ეს ყველაფერი იგნორირებული იყო იმ უწყებების და ევროსაბჭოს კონკრეტული პარლამენტარების და ზოგადად, ევროკავშირის მხრიდან, რომელზეც დღეს აპელირებენ და კვლავ უსამართლოდ და უსაფუძლოდ ითხოვენ რაღაც კონკრეტულ ცვლილებებს. პირველ რიგში, ყური უგდონ ქართველ ხალხს, როგორც ევროსაბჭოში, ასევე ევროკავშირში. ქართველი ხალხის გულისცემას, გადაწყვეტილებას და პოლიტიკურ არჩევანს ადეკვატური პასუხი გასცენ და შემდეგ იქნება საინტერესო ნებისმიერი ის გზავნილი, რომელსაც ჩვენ ამ უწყებიდან მივიღებთ. ჩვენთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51-მა დეპუტატმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, საქართველო თუ ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს ვერ მიაღწევს, დეპუტატები განიხილავენ ქართული დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრებას.