დანია უნგრეთისთვის ევროკავშირში ხმის მიცემის უფლების შეჩერებას ითხოვს

დანიის პრემიერი

დანია უნგრეთისთვის ევროკავშირში ხმის მიცემის უფლების შეჩერებას ითხოვს.

ქვეყნის ევროპულ საქმეთა მინისტრის, მარი ბიერეს თქმით, დანია, როგორც პირველი ივლისიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, აპირებს, უნგრეთის წინააღმდეგ მე-7 მუხლით გათვალისწინებული პროცედურა დაიწყოს, რადგან, მისივე განმარტებით, უნგრეთი არღვევს ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს.

ევროკავშირის შეთანხმებაში გაწერილი მე-7 მუხლი გაერთიანების ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს, კენჭი უყარონ იმ წევრი ქვეყნის გარიცხვას ან დაჯარიმებას, რომელიც არღვევს გაერთიანების წესებს.

მარი ბიერეს თქმით, ევროკავშირმა ასევე უნდა განიხილოს ევროკავშირის ფონდებთან იმ ქვეყნების წვდომის შეზღუდვა, რომლებიც არღვევენ ევროპულ კანონმდებლობას.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები თუ გადაწყვეტენ, უნგრეთის წინააღმდეგ აამოქმედონ მე-7 მუხლის პროცედურა, ბუდაპეშტი დაკარგავს ხმის უფლებას ისეთ საკითხში, როგორიცაა გაფართოება, სადაც უნგრეთი ვეტოს ადებს უკრაინის გაწევრიანების საკითხს.