ჩვენმა სადაზვერვო სამსახურმა შეაგროვა მტკიცებულება რუსეთის მიერ უკრაინაში გამოყენებული აკრძალული ქიმიური იარაღის შესახებ - ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი

ნიდერლანდები რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის მასობრივ გამოყენებაში ადანაშაულებს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ნიდერლანდების სადაზვერვო სამსახურებმა შეაგროვეს მტკიცებულებები რუსეთის მიერ უკრაინაში აკრძალული ქიმიური იარაღის ფართომასშტაბური გამოყენების შესახებ.

აღნიშნული ინფორმაცია „როიტერს“ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა მიაწოდა.

რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებს შეუძლიათ, დაადასტურონ, რომ რუსეთი ზრდის ქიმიური იარაღის გამოყენებას და მოსკოვის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესების მოწოდებით გამოვიდა.

„ეს ზრდა შემაშფოთებელია, რადგან ეს იმ ტენდენციის ნაწილია, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია ვხედავთ, სადაც რუსეთის მიერ ამ ომში ქიმიური იარაღის გამოყენება სულ უფრო ნორმალური, სტანდარტული და ფართოდ გავრცელებული ხდება,“- განაცხადა ბრეკელმასნმა „როიტერთან“ ინტერვიუში.

ამასთან, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ზრდა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ სხვა ქვეყნებსაც.

„ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ ზეწოლა. ეს ნიშნავს დამატებითი სანქციების განხილვას“, – განაცხადა რუბენ ბრეკელმანსმა.

ნიდერლანდების სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, პიტერ რისინკმა განაცხადა, რომ დასკვნები „საკუთარ დამოუკიდებელ დაზვერვას“ ეფუძნება. პიტერ რისინკმა ქიმიური იარაღის გამოყენების „ათასობით შემთხვევაზე“ ისაუბრა და უკრაინის მიერ მოპოვებული 9000 შემთხვევის მონაცემები მოიყვანა.

პიტერ რისინკის თქმით, დაზვერვას აქვს ქიმიური იარაღის წარმოების გაძლიერების კონკრეტული მტკიცებულებები. ეს მოიცავს კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერებას და მეცნიერების დაქირავებას ქიმიური იარაღის შესაქმნელად. პიტერ რისინკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმა ჯარისკაცებს ინსტრუქციები მისცეს, თუ როგორ გამოიყენონ ქიმიური საბრძოლო საშუალებები.