1773742091
ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისთვის სიახლე არ ყოფილა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მათი პოლიტიკური გაერთიანება უცხოელი პარტნიორების დაკვეთით შეიქმნა.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან აღნიშული თემის კომენტირებისას აღნიშნა, ხელისუფლება დიდი ხანია საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს იმისთვის, რომ საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ.
„მოცემულობა მარტივია, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს და აფასებს. ჩვენ ამაზე ისედაც ვსაუბრობდით. პირდაპირ ვთქვით, რომ არიან გარე ძალები, რომლებიც შიდა ძალებს მართავენ. გარედან რასაც ეტყვიან და დაავალებენ, ვალდებულები არიან, რომ გააკეთონ. მათ კითხვის დასმის უფლებაც კი არ აქვთ. ქვეყანაში ჩვეულებრივი აგენტურიქსელია შექმნილი. ბოლო წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა ამ მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად. შესაბამისად, დღეს ეტყვიან ცალ-ცალკე უნდა იყოთო, ხვალ ეტყვიან გაერთიანდით პლატფორმაზეო და ისინიც ასრულებენ.
არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი გაერთიანდებიან, თუ ცალ-ცალკე იქნებიან. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, ეს ყველაფერი საიდან და როგორ იმართება და ვინ არიან ამ ჯგუფების პატრონები. არავის გაუკვირდეს ის ფაქტი, რომ მსგავსი აგენტურული დაჯგუფებები ყოველთვის მარცხისთვის იქნებიან განწირულნი და ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევენ, რადგან მოღალატეები არიან, ემსახურებიან თავიანთ პატრონებს და ატარებენ არა საკუთარი ქვეყნის, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესებს”, - განაცხადა კახა კალაძემ.









