ჩნდება ლეგიტიმური კითხვები, რომ გერმანიის ელჩის შეხვედრები არ ემსახურებოდა საქართველოსთვის კეთილ მიზნებს - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

სიცრუე და ინფორმაციის დამალვის მცდელობა,- ასე აფასებს მმართველი გუნდი გერმანიის მთავრობის პასუხს მათივე ოპოზიციური პარტიის შეკითხვებზე. ოფიციალური ბერლინი - ელჩსა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ის კონფიდენციალური იყო და დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

რაც შეეხება ელჩის მხრიდან ხაზარაძის ქონების დაქირავებას, გერმანიის მთავრობა ამბობს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა ეს ფაქტი რამდენიმე კვირის წინ თავად "ლელოს" ლიდერმა დაადასტურა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კითხვები კვლავ პასუხგაუცემელი რჩება, ბუნდოვანება კი აჩენს ეჭვს, რომ გერმანული მხარე გარკვეულ ფაქტებს მალავს.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ კითხვები შეხვედრებთან დაკავშირებით სრულიად ლეგიტიმურია.

"სწორედ იმიტომ, რომ იყო კითხვის ნიშნები, გერმანიის ელჩი ხელს უწყობდა რადიკალიზაციას, ახალისებდა რადიკალურ დღის წესრიგს, სწორედ ამიტომ ჩნდება ლეგიტიმური კითხვები, რომ ეს შეხვედრები არ ემსახურებოდა საქართველოსთვის კეთილ მიზნებს. ფრაგმენტული ინფორმაცია, რომელსაც აწვდის გერმანიის ხელისუფლება ბუნდესტაგის წევრებს, რეალურად, არ არის პასუხი... ყოველ შემთხვევაში, ეს არ არის სრულფასოვანი პასუხი. ამ ტიპის ფრაგმენტული ინფორმაციის მიწოდებით, კითხვები ჩნდება", - აცხადებს ლევან მახაშვილი.