1747598145
აშშ-ის პრეზიდენტი თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს-კვო, რაც არის დღეს მოცემული - ირაკლი კობახიძე

თუ მოახერხებს აშშ-ის პრეზიდენტი „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს-კვო, რაც არის დღეს მოცემული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული მხრიდან გაჟღერდა გზავნილები აშშ-ის ადმინისტრაციის წინაშე და თუ არის ამერიკული მხრიდან ინტერესი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, ამერიკის მხრიდან ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გაგრძელდება და დასრულდება ორთაბრძოლა პრეზიდენტ ტრამპსა და „დიფ სთეითს“ შორის. ამ ორთაბრძოლის თაობაზე თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ. თუ მოახერხებს პრეზიდენტი „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს-კვო, რაც არის დღეს მოცემული. გარდა ამისა, უნდა გავიხსენოთ ის, რომ იგივე „მეგობარი აქტი“ იქნა მიღებული. ძალაშია სანქციები, რომელიც მოქმედებს, მათ შორის, ვიცე-პრემიერის მიმართ, ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არ არის პასიური დუმილი, ეს არ არის პასიური მდგომარეობა. ჩვენ გვჭირდება მოცემულობის შეცვლა. თუ არის ამერიკული მხრიდან ასევე ინტერესი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ნაბიჯები უნდა გადაიდგას, თუმცა, ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული. ჩვენზე დამოკიდებული რაც იყო გავაკეთეთ, ჩვენი გზავნილები გავაჟღერეთ, ადმინისტრაციის წინაშე, ვნახოთ, როგორი იქნება მათი რეაქცია“, - განაცხადა პრემიერმა.