აშშ-ის დარტყმები ირანზე საერთაშორისო სამართლის დარღვევას არ წარმოადგენდა - NATO-ს გენერალური მდივანი

მარკ რუტე

NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, აშშ-ის მიერ ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული დარტყმები საერთაშორისო სამართლის დარღვევა არ ყოფილა. ამის შესახებ რუტემ ჰააგაში NATO-ს სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტმა მას სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს განცხადებებზე, რომელმაც თქვა, რომ აშშ-ის დარტყმები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სამართალს.

რუტეს თქმით, მისი ყველაზე დიდი შიშია, რომ ირანს ბირთვული იარაღი ექნება.

„ამიტომ, NATO-ს პოზიცია ისაა, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ეს იარაღი. არ ვეთანხმები, რომ ეს დარტყმები საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგებოდა“, – განაცხადა რუტემ.

მანამდე, ნორვეგიის პრემიერმა განაცხადა, რომ ამერიკული თავდასხმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენდა.