ქალი მეხუთე სართულიდან გადახტა, რათა ხანძრისგან თავი დაეღწია და გადარჩა
1746209957
ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი წინაპირობები არსებობს იმისთვის, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ძალიან დაბალ ნიშნულზე არსებული ურთიერთობები შეიცვალოს და ეს შესაძლებლობების ახალ სივრცეს აჩენს, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგებსა და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, არსებობს იდეოლოგიური თანხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. ამასთან, მისი თქმით, ღირებულებითი თანხვედრა ძალიან კარგი წინაპირობაა, რომ ორ ქვეყანას შორის უფრო შედეგიანი თანამშრომლობა შედგეს. თუმცა, მისი განმარტებით, ეს არც საქართველოსთვის და არც ამერიკისთვის არ არის საკმარისი პირობა.
„ამას უნდა დაემატოს რაიმე კონკრეტული, ურთიერთხელსაყრელი და ხელშესახები გეგმები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო პროდუქტიულს გახდის. ჩვენ გვესმის ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტების - მათ ცალსახად აინტერესებთ, რომ ამერიკელი ხალხისთვის თანამშრომლობა გარე სამყაროსთან, სხვადასხვა ქვეყანასთან და პარტნიორებთან იყოს მათი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილი ასევე შეეხო ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის მიერ საქართველოს ხელისუფლების ზოგოერთი წარმომადგენლის მიმართ დაწესებული სანქციების თემას. მისი შეფასებით, ეს რთული მემკვიდრეობაა ახალი ადმინისტრაციისთვის და მის შეცვლას გარკვეული დრო და იურიდიული პროცედურები დასჭირდება.
„საკმაოდ დაზიანებული ურთიერთობების ხელახლა დაწყება უფრო რთულია, ვიდრე მათი მაღალი ნიშნულიდან გაგრძელება, თუმცა, შესაძლებლობები არსებობს. უმთავრესი არის, რომ არსებობს თანამშრომლობის განწყობა ორივე მხრიდან. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ახალი ადმინისტრაციის მხრიდან დავინახე განწყობა, რომ შედგეს თანამშრომლობა, რომელიც იქნება ურთიერთხელსაყრელი და პროდუქტიული. რა თქმა უნდა, წინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებზე იყო საუბარი, როდესაც ორი მხარე იწყებს ასეთი რთული მოცემულობიდან საუბარს, ორივე მხარეს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული არგუმენტი გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იყოს ღია, გულწრფელი დიალოგი და ეს დიალოგი ნამდვილად შედგა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საუბარი თეთრ სახლში - ჩვენ გვქონდა ძალიან ღია დიალოგი, ძალიან ბევრი რამ გავიგეთ, მათ შორის ახალი პრიორიტეტების შესახებ, მათ გაიგეს ჩვენი მოლოდინების შესახებ, ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ სასარგებლო იყო“, - განაცხადა ირველმა ვიცე-პრემიერმა.
ამასთან, ლევან დავითაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ხელისუფლების ოპოზიციის შეფასებებზე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის მიერ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გარკვეული განცხადებების ინტერპრეტაცია რეალობას არ შეესაბამება და საქართველოსა და აშშ-ს შორის მხოლოდ პატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობის პერსპექტივები არსებობს, რაც გულისხმობს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია პატივს სცემს ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს სუვერენულ უფლებებს და გადაწყვეტილებებს. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს არის მკაფიო გზავნილი თეთრი სახლის და ახალი ადმინისტრაციის მხრიდან.
„სახეზე გვაქვს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ცვლილებები არამხოლოდ ამერიკაში, არამედ გლობალურ პოლიტიკაში და ამ ცვლილებებს თავისი დრო სჭირდება. მესმის, რომ ოპოზიცია დღეს სპეკულირებს, არსებობს წინმსწრები განცხადებები და ა.შ. ჩვენ თანმიმდევრული პოლიტიკა გვაქვს, მკაფიოდ ვაფიქსირებთ თანამშრომლობის განწყობას და ინტერესს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ გვინდა, რომ ამერიკასთან თანამშრომლობა კიდევ უფრო პროდუქტიული და ხელშესახები იყოს, რაზეც საუბრობდნენ ჩვენი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელები. აშშ-ში შეხვედრებისას სწორედ ამაზე იყო დიალოგი, თუ როგორ შეიძლება შეჩერებული სტრატეგიული თანამშრომლობა, სამუშაო რეჟიმში გავხადოთ კიდევ უფრო შედეგზე ორიენტირებული და როგორ ავსახოთ ახალი ინიციატივები ამ თანამშრომლობაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.