არჩილ ჩიქოვანის მოვალეობას გიორგი მურვანიძე შეასრულებს

გიორგი მურვანიძე

ბათუმის გადამდგარი მერის, არჩილ ჩიქოვანის მოვალეობას გიორგი მურვანიძე შეასრულებს.

მურვანიძე პროფესიით სამართალმცოდნეა, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი. დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. კარიერა დაიწყო 2003 წელს საქართველოს შსს გაზეთ "სრულიად არასაიდუმლო"-ს იურიდიული განყოფილების უფროსად.

2004-2005 წლებში მუშაობდა ბათუმის რაიონული პროკურატურის გამომძიებლად, 2005-2006 წლებში აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად. 2007 წლიდან სამსახურებრივი კარიერა გააგრძელა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის თანაშემწის პოზიციაზე.

2007-2014 წლებში იყო აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო 2014 წლიდან დღემდე - ბიუროს უფროსის მოადგილე, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი.

არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა.