1751716643
"არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება, ეს არის 100%-ით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიცია" - ირაკლი კუპრაძე

საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზება მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს - მიხეილ ყაველაშვილი მზადაა, სურვილის შემთხვევაში შეწყალების აქტი გამოსცეს და ოპოზიციონერ ლიდერებს შესაძლებლობა მისცეს სრულფასოვნად მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. მნიშვნელოვანია, რომ შეწყალების განაცხადში, მითითებული უნდა იყო პოლიტიკოსთა სურვილიც არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.
პრეზიდენტის წინადადებას პარტიების ნაწილმა უკვე უპასუხა.
”ლელო - ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ "არანაირი შეწყალების მიმართვა არ იქნება":
"არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება. ეს არის 100%-ით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიცია. მე, როგორც "ლელოს" გენერალური მდივანი და მათი მეგობარი, ვიცი თუ რა ღირებულებებით ცხოვრობენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რა პრინციპებით და ღირსებით იცავენ ქართველი ხალხის ინტერესებს და სჯერათ ბრძოლის და გამარჯვების,"- აცხადებს პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა, შესთავაზა ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მიმართოს განცხადებით შეწყალებაზე და დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რის შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს შეწყალების თაობაზე.