არ ვაპირებთ, ქვეყანა ვინმეს განწყობების მიხედვით ვმართოთ - ხალხმა ყველაზე კარგად იცის, როგორ ჩატარდა არჩევნები - ლადო ბოჟაძე

ვლადიმერ ბოჟაძე

სალომე სამადაშვილის განცხადებას ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან. გარე ძალების და არა ქართველი ხალხის ინტერესების მსახურების კიდევ ერთი დასტური - ასეთია სამადაშვილის განცხადებაზე მმართველი გუნდის შეფასება. მათი განცხადებით, ქვეყანა არა ვინმეს განწყობებით, არამედ, ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით იმართება.

"გახსოვთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიცია არ შევიდა პარლამენტში, საუბრობდნენ არჩევნების გაყალბებაზე, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველა მათგანი აღმოჩნდა პარლამენტში. როგორც ჩანს, 2024-შიც ისინი იგივე სცენარს ვარაუდობდნენ, რომ კვლავ იქნებოდა რაიმე შარლ მიშელის მსგავსი შეთანხმება, თუმცა, 2020-ისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლება სხვაგვარად მოიქცა, საქართველოს პარლამენტი მუშაობს და გააგრძელებს მუშაობას 2028 წლამდე.

რაც შეეხება განწყობებს, ეს ევროკავშირში იქნება თუ სხვაგან, განწყობებით ქვეყანა არ იმართება, განწყობების მიხედვით ხალხი არ იღებს გადაწყვეტილებებს და, დიახაც, ახლაც, 2024 წელს ხალხმა ყველაზე კარგად იცის, როგორ ჩატარდა არჩევნები, რა შედეგით დასრულდა და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ, ვინმეს განწყობების, ქვეყნის შიგნით იქნება ეს თუ ქვეყნის გარეთ, ისე ვმართოთ ქვეყანა," - აღნიშნა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო ბოჟაძემ.

ცნობისთვის, სალომე სამადაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ მოქალაქეების ნაწილი არჩევნების შედეგებს 2020 წელსაც აპროტესტებდა, თუმცა მაშინ ევროკავშირს სხვა განწყობები ჰქონდა, დღეს კი "ქართული ოცნების" დემოკრატიულ მანდატთან დაკავშირებით ევროკავშირში სხვა შეხედულებებია და ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.