არ მგონია რომელიმე ევროპული ქვეყნის საელჩო ამ ქვეყანაში ემხრობოდეს დესტრუქციულ ქმედებებს - გიორგი შარაშიძე

გიორგი შარაშიძე

გერმანიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ლექცია, რომლის ერთ-ერთი სპიკერიც "ნაციონალური მოძრაობის" სიის მერვე ნომერი, ირაკლი ხვადაგიანი იყო, მეორე დღეა განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, თუ ადამიანს დანაშაული არ ჩაუდენია, მისთვის საყვედურების უფლება არავის აქვს.

"ადამიანს თავისი აზრი აქვს, თუ მან დანაშაული ჩაიდინა, შესაბამისად, წაუყენონ ბრალდება და გაასამართლონ. თუ ადამიანს დანაშაული არ ჩაუდენია, მაშინ რა უფლებით საყვედურობენ, რომ ეს ადამიანი მიიწვიეს. ის არის მეცნიერი, მას აქვს თავისი აზრი. არ ვიცნობ ვინ არის ეს ადამიანი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს", - აცხადებს გიორგი ბარამიძე.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი შარაშიძის თქმით, არ ფიქრობს, რომ რომელიმე ევროპული ქვეყნის საელჩო ქვეყანაში დესტრუქციულ ქმედებებს ემხრობა.

"საელჩო თავად წყვეტს, რა გააკეთოს და როგორ გააკეთოს. მე არ მგონია, რომ რომელიმე ჩვენი ევროპული ქვეყნის საელჩო ამ ქვეყანაში ემხრობოდეს დესტრუქციულ ქმედებებს. ერთადერთი, რასაც საელჩომ შეიძლება მხარი დაუჭიროს, ეს არის სიტყვის, აზრის, გამოხატვის თავისუფლებას," - აცხადებს გიორგი შარაშიძე.

სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა ბექა კობახიძემ, რომელმაც დაწერა, რომ ღონისძიებაზე თავად იყო მიწვეული, თუმცა ოჯახური პირობების გამო, ლექციას თავად ვერ დაესწრო და საელჩოს ხვადაგიანის კანდიდატურა შესთავაზა.