1753907905
ალექსანდრე დარახველიძე: შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს ეფექტურ ბრძოლას არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მიგრაციის დეპარტამენტმა მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან 640 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა, რომლებიც ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ.
მისი თქმით, აღნიშნული მონაცემი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 200-ზე მეტი პროცენტით აღემატება.
აღსანიშნავია, რომ მიგრაციის დეპარტამენტმა, მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩატარებული ინტენსიური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან 36 უცხოელი გააძევა.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უწყებები აგრძელებენ ეფექტურ ბრძოლას არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ. ასევე, გამკაცრებულ მიგრაციულ პოლიტიკაზე მეტყველებს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც გამკაცრდა მიდგომები არალეგალების მიმართ. გარდა ამისა, შეიცვალა კანონმდებლობა, რომელიც აღარ აძლევს საშუალებას უცხოელებს, რომ ხელოვნური ბარიერების გამოყენებით ქვეყანაში არალეგალურად, ხანგრძლივი ვადით დარჩნენ. სამინისტრო და თითოეული დანაყოფი გააგრძელებს ეფექტურ ბრძოლას არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ და ყველა ფაქტი იქნება დროულად გამოვლენილი, ასევე, ყველა უცხოელი, რომელიც ბოროტად იყენებს საკანონმდებლო მექანიზმებს, მათ მიმართ გატარდება ეფექტური და მკაცრი ღონისძიებები დროულად გამოვლენისა და ქვეყნიდან გაძევების მიმართულებით“- აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.