"ახლა ბუნდოვანების დრო არ არის, საჭიროა ძალიან ცხადი პოლიტიკა საქართველოსთვის, რომელიც ცხადად გააჟღერებს ამერიკის ინტერესებს" - სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიაში გამართულ მოსმენაზე

ზურაბიშვილი

საქართველოს საკითხზე მოსმენა ჰელსინკის კომისიაში - "პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ - ამ სათაურით გამართულ შეხვედრას მოწმის სტატუსით საქართველოდან მიწვეული მხოლოდ ორი პირი - ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი - ესწრებოდა. მოსმენას კონგრესმენი ჯო უილსონი ხელმძღვანელობდა.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველო ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობა იყო. ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გამო, დამსწრეთა ნაწილმა თბილისის მისამართით კრიტიკული გზავნილები გაახმოვანა. გამოითქვა უკმაყოფილება საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც.

"უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან და ირანთან არის 360 გრადუსით შებრუნება ყოფილი საგარეო და შიდა პოლიტიკური კურსისგან, რაც ხელყოფს ქვეყნის დამოუკიდებლობას. ახლა ბუნდოვანების დრო არ არის, საჭიროა ძალიან ცხადი პოლიტიკა საქართველოსთვის, რომელიც ცხადად გააჟღერებს ამერიკის ინტერესებს", - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოს გარეშე შუა დერეფანი არ იქნება.

"საქართველოს გარეშე შუა დერეფანი აღარ იქნება და თუ მას დავკარგავთ, გზა გაიხსნება ჩინეთისა და რუსეთისკენ. ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა ირანის ამბიციებსაც, საქართველოში "ქართულმა ოცნებამ" კავშირები გაამყარა ავტორიტარულ ძალებთან. მათ ჩინურ კომპანიებთან დაიწყეს თანამშრომლობა მაშინ, როდესაც ამერიკული კომპანიები დაბლოკეს შუა დერეფანში შესაძლებლობებისთვის", - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარე თინა ხიდაშელი.