2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ შენობა გატეხეს. ღამის 4 საათია და სიბნელეში შევდივარ მწერალთა კავშირის შენობაში. თითქოს სპეციალურად დამახვედრეს- გალაქტიონის სურათი და ღვთისმშობელი [ხატი] ეგდო კიბეზე და ზედ ფეხებით დადიოდნენ - მაყვალა გონაშვილი

მაყვალა გონაშვილი

„ღამის 4 საათზე, 2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ შენობა გატეხესო. მე ვიფიქრე, ალბათ ქურდებმა. ყველაფერი ვიცოდი, ვინ იყვნენ, მაგრამ მაშინაც კი ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამდენს გაბედავდნენ“-ამის შესახებ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს საქართველოს მწერალთა კავშირში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს.

„ყველაზე შემზარავი იყო ის, რომ როცა ჩვენ ბოლოს მივიღეთ წერილი ხელისუფლებისგან, რომ უნდა დაგვეცალა შენობა, ისევ შევიტანეთ სარჩელი. ვფიქრობდით, როცა წარმოებაში არის საქმე, ამდენი მაინც ვიცით, რომ არ შეიძლება მაშინ რაიმეს აღსრულება. სანამ წერილს შევიტანდით, მწერალთა კავშირში ღამეს ვათევდით ქართველი მწერლები და სასულიერო პირები, მეუფე თადეოზი, ბატონი რეზო ჩხეიძე, ბატონი გივი თოიძე, მთელი საქართველოს რჩეული შვილები ჩვენთან ერთად ღამეებს ათენებდნენ და პირველად, როცა ჩვენ გვითხრეს, რომ საქმე წარმოებაში არის წასულიო, პირველად დავტოვეთ შენობა ღამით და იმ ღამეს ვითომ ბედნიერმა დავიძინე. მაგრამ ღამის 4 საათზე, 2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ შენობა გატეხესო. მე ვიფიქრე, ალბათ ქურდებმა. ყველაფერი ვიცოდი, ვინ იყვნენ, მაგრამ მაშინაც კი ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამდენს გაბედავდნენ. სასწრაფოდ მივედი და დავურეკე ადვოკატსაც. შემეშინდა, რამე არ დამაბრალონ მეთქი. რამე რომ გაეტანათ მერე პირიქით არ შემოებრუნებინათ ჩვენს საწინააღმდეგოდ და არ ეთქვათ, რომ მწერალთა კავშირში ნივთები დაკარგულია. ამიტომ, ძალიან მინდოდა, რომ ადვოკატთან ერთად გადამებარებინა თუნდაც ეს ქონება სანამ გონზე მოვიდოდით. მითხრეს, რომ არაფრის უფლება არ მქონდა გარდა იმისა, რომ ჩემი წიგნები გამომეტანა ჩემი კაბინეტიდან.  მე ამაზე მძიმე ღამე არ მინახავს. 2007 წლის ღამეა, მაჩაბელი მთლიანად გადაკეტილია ნიღბიანი ადამიანებით. მაჩაბლის პირველიდან თოთხმეტამდე არავის სახე არ უჩანს, ღამის 4 საათია და სიბნელეში შევდივარ მწერალთა კავშირის შენობაში. ხომ შეიძლებოდა ისე გადაებარებინათ ეს ქონება- გალაქტიონის სურათი ეგდო კიბეზე და ღვთისმშობელი [ხატი]. არ ვიცი, თითქოს სპეციალურად დამახვედრეს და ზედ ფეხებით გადიოდნენ და გამოდიოდნენ. შევედი ჩემს კაბინეტში და მესმის საშინელი ხმები პირველი სართულიდან. ჩავირბინე და ვხედავ ფანჯრიდან იყრება ყველაფერი, რაც კი შეიძლება გადაიყაროს“-განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.