The Times: ევროპას უკრაინაში 25 ათასი სამხედროს განლაგებაც კი გაუჭირდება

The Times

ევროპულ ქვეყნებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ „შემაკავებელი ძალების“ ფორმირებისთვის 25 ათასი ჯარისკაცის განლაგებაც კი გაუჭირდება, რადგან სამხედროების შესაბამისი დაფინანსება და რაოდენობა არ აქვთ. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.

გამოცემა ამტკიცებს, რომ მას ხელში ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებისა და მაღალი რანგის სამხედროების მოლაპარაკებების დეტალები ჩაუვარდა.

დიდი ბრიტანეთის გენერალური შტაბის მეთაურმა, ადმირალმა ტონი რადაკინმა ერთ-ერთი მოლაპარაკებების დროს კოლეგებს ჰკითხა, შეძლებდნენ თუ არა ისინი უკრაინაში გასაგზავნად 64 ათასი ჯარისკაცის შეგროვებას. როგორც მან აღნიშნა, ბრიტანეთი უკრაინაში 10 ათასი ჯარისკაცის გასაგზავნად მზად არის.

თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროპელმა კოლეგებმა მას უთხრეს, რომ ასეთი რაოდენობის ჯარისკაცების შეგროვების შანსი არ არსებობს. უფრო მეტიც, ევროპული ქვეყნების სამხედრო პირებმა თქვეს, რომ 25 ათასი ჯარისკაცის შეგროვებაც კი პრობლემური იქნებოდა.

ბრიუსელში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე ევროპელებმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს, ჯონ ჰილის უთხრეს, რომ ასეთი დიდი კონტინგენტის შენახვა ორი წლის განმავლობაში როტაციის გათვალისწინებით 256 ათასი სამხედროს ჩართულობას საჭიროებს.

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, დოვილე შაკალიენემ თქვა: „რუსეთს 800 ათასი ჯარისკაცი ჰყავს. ნება მომეცით, ვთქვა: თუ ჩვენ 64 ათასსაც ვერ ვაგროვებთ, ეს არ გამოიყურება, როგორც სისუსტე, ეს უკვე სისუსტეა“.

The Times-ის ცნობით, შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ უკრაინაში სპეციალური ძალების გაგზავნა უმჯობესი იქნებოდა, რადგან ამ შემთხვევაში პარლამენტის თანხმობა საჭირო არ იქნებოდა.