ზრდის თუ არა ლეიკემიის რისკს ენერგეტიკული სასმელი - საგანგაშო კვლევა

ლეიკემია

ენერგეტიკული სასმლის რეკლამა არ იტყუება, ის ნამდვილად ასრულებს დანაპირებს და იძლევა მოკლე დროში დიდ ენერგიას, მაგრამ არსებობს კითხვის ნიშანი - ხომ არ ხდება ეს ჯანმრთელობის ხარჯზე?!

კითხვის ნიშნებს ბოლო კვლევები ძახილის ნიშნებად აქცევს:

! დიდი დოზით კოფეინის უკუჩვენება

! დიდი დოზით შაქრის უკუჩვენება

! და ახლა უკვე, მის შემადგენლობაში აღმოჩენილი დიდი დოზით ტაურინის უკუჩვენება.

როჩესტერის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად დგინდება, რომ სასმელში დამატებული ეს ამინომჟავა ხელს უწყობს ლეიკემიისა და მსგავსი მიელოიდური კიბოების განვითარებას.

ცალკე აღებული ტაურინი არ მიიჩნევა საფრთხედ, ის საჭირო ამინომჟავაა, თუმცა ენერგეტიკულ სასმელებში მისი კომბინაცია სხვა კომპონენტებთან და განსაკუთრებით კოფეინთან,, რისკს უკავშირდება.

ენერგეტიკული სასმლის მომხმარებელი ხშირად მშობლისგან მალულად შეიძლება იყოს ბავშვიც, მათ შემთხვევაში უკუჩვენებების რისკი კიდევ უფრო მაღალია.

იგივე გვერდითი მოვლენები ვლინდება ზრდასრულ მომხმარებლებშიც.

იმის გათვალისწინებით, რომ ენერგეტიკული სასმლის 1 ქილაში 10 ფინჯანი ყავის ოდენობის კოფეინი, დაახლოებით 15 კოვზი შაქარი, B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი და არაერთი ამინომჟავაა, სწრაფია ენერგიის მოზღვავებაც, მასზე დამოკიდებულებაც და ჯანმრთელობის პრობლემების გამოვლენის ტემპიც.

ექიმებს ხშირად უწევთ მუშაობა ისეთ პაციენტებთან, რომლებსაც ამ სასმელზე დამოკიდებულების დაძლევა უნდათ. მათ არანაკლები ძალისხმევა სჭირდებათ, ვიდრე სხვა დამოკიდებულ ადამიანებს.

ენდოკრინოლოგებს კი ის პირველ ადგილზე აქვთ აკრძალული სასმელების ჩამონათვალში.

ე.წ. ენერჯაიზერების მიმზიდველი რეკლამები, მრავალფეროვანი შეფუთვები, არომატები და მარკეტინგული ხრიკები მართლაც ხიბლავს მომხმარებელს, უდავოა მისი გამამხნევებელი ეფექტიც. სწორედ ეს ეფექტი აშფოთებთ მეცნიერებს და ამ დრომდე გრძელდება კვლევები სასმელებისგან მომავალი საფრთხეების შესახებ.

ვრცლად ↓