ზოგი ქიმიოთერაპიული პრეპარატი სისხლის ჯანმრთელ უჯრედებს აბერებს და განმეორებითი სიმსივნის რისკს ზრდის - კვლევა

ქიმიოთერაპია

 ზოგი ქიმიოთერაპიული პრეპარატი ჯანმრთელ უჯრედებს უფრო მეტად აზიანებს, ვიდრე მკურნალობის სხვა ვარიანტები. ამის შესახებ ახალი კვლევა ჩაატარეს. მკვლევრებმა ოთხი ახალი მუტაცია აღმოაჩინეს. ზოგიერთი ქიმიოთერაპიული პრეპარატის გამო დნმ ზიანდება. სხვა მედიკამენტები კი სისხლის უჯრედებს ხელოვნურად აბერებს.

მეცნიერების თქმით, ეს მონაცემები, შესაძლოა, ექიმებს კიბოს ისეთი სამკურნალო საშუალებების შერჩევაში დაეხმაროს, რომლებიც პაციენტის ჯანმრთელ უჯრედებს მინიმალურ ზიანს მიაყენებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სიმსივნეს შესაბამისად ებრძოლოს.

ზოგიერთი ქიმიოთერაპიის მედიკამენტი სწრაფად გამრავლებად უჯრედებს ანადგურებს. სიმსივნე სწორედ ამ კატეგორიაში ჯდება. მიუხედავად ამისა, დაზიანებულთა სიაში ტვინისა და სისხლის უჯრედებიც ხვდება.

კვლევის ჯგუფმა 23 ადამიანის (3-დან 80 წლამდე ასაკის) მონაცემები შეადარა. მათ ნაწილს წარსულში ქიმიოთერაპიით უმკურნალეს. დანარჩენ 9 ადამიანს სიმსივნე არასდროს ჰქონია. ქიმიოთერაპიის ჯგუფის მონაწილეებს 21 სხვადასხვა სახის მკურნალობა ჩაუტარდათ. მათ პლატინითა და ალკილაციის პრეპარატებით კიბოს უჯრედები გაუნადგურეს.

მკვლევრებმა სისხლის ღეროვანი და მომწიფებული უჯრედები ორივე ჯგუფიდან გამოყვეს. შემდეგ მათგან დნმ ამოიღეს და გენომის დონეზე გაშიფრეს. მეცნიერების მიერ გამოყენებულმა მათემატიკურმა მოდელებმა მრავალი მუტაცია აჩვენა. მათ შორის ისეთებიც, რომლებიც აქამდე არასდროს დაუფიქსირებიათ. ზოგიერთი მუტაცია როგორც კიბოსგან თავისუფალ, ისე ქიმიოთერაპიით ნამკურნალებ პირებში აღმოაჩინეს.

საინტერესოა, რომ ქიმიოთერაპიის ყველა პრეპარატი ერთნაირი რაოდენობით მუტაციას არ იწვევდა. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ციკლოფოსფამიდი, რომელიც მრავლობითი მიელომისა და ძუძუს კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება, იმავე კლასის სხვა პრეპარატებზე ნაკლებ მუტაციას იწვევს.

მეტი მუტაცია ნიშნავს, რომ შესაძლოა, ადამიანს სიმსივნე ახლიდან გაუმეორდეს. კვლევის ავტორი, ექიმი ემილი მიჩელი ამბობს, რომ ციკლოფოსფამიდთან დაკავშირებული განმეორებითი სიმსივნის რისკი დაბალია, თუმცა მცირე შანსი აქაც არსებობს.

 სიმსივნეები, ჩვეულებრივ, განპირობებული მუტაციებითაა, რომლებიც უჯრედების უკონტროლო გამრავლებას იწვევს. ზოგადად გენური მუტაციები დაბერებასთანაც დაკავშირებულია.

„ჩვენი სხეულის თითოეული უჯრედი დროთა განმავლობაში მუტაციებს აგროვებს", — ამბობს ექიმი ფრანჩესკო მაურა - „როცა ქიმიოთერაპია სისხლის უჯრედებში მუტაციებს იწვევს, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უკვე დაბერებულია. მათ უბრალოდ დაგროვებული მეტი მუტაცია აქვს.

მონაწილეთა შორის ერთ-ერთი 3 წლის ბავშვი იყო. მან ქიმიოთერაპიით იმკურნალა და მის სისხლის უჯრედებში მუტაციების რაოდენობა ჯანმრთელი თანატოლების მუტაციებისას ათჯერ აღემატებოდა. მისი სისხლის უჯრედები უფრო ასაკოვანი იყო, ვიდრე კვლევის 80 წლის მონაწილის, რომელსაც ქიმიოთერაპია არასდროს ჰქონდა ჩატარებული.

კვლევას გარკვეული შეზღუდვებიც ჰქონდა. მათ შორის, ნიმუშების მცირე რაოდენობა. მეცნიერები თავადაც აღნიშნავენ, რომ ლაბორატორიულ პირობებში გაზრდილი სისხლის უჯრედების შესწავლამ, შესაძლოა, შედეგები არაზუსტად აჩვენოს. მეცნიერების თქმით, მათ სურთ, მომავალში მსგავსი კვლევა უფრო დიდ ჯგუფზე ჩაატარონ, თუმცა ამ ეტაპზე მსგავსი პროექტი დაგეგმილი არ არის.

2024 წელს დაადგინეს, რომ ჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალოდ გამოყენებული ქიმიოთერაპიის ალტერნატიული კომბინაცია ისეთივე ეფექტური იყო, როგორც სტანდარტული მკურნალობა, მაგრამ გაცილებით ნაკლებ მუტაციებს იწვევდა. ეს დაავადება მარტივად იკურნება. მას დაავადებულთა 80% ამარცხებს.

ამიტომაც, ამ ეტაპზე, ქიმიოთერაპიის მუტაციური ზემოქმედების შემცირება ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს დიდი შანსი აქვს, თავდაპირველი კიბოს მკურნალობა გადალახოს და გადარჩეს.

„კონკრეტული სიმსივნე ჯერ უნდა განკურნო. შემდეგ პრეპარატების ტოქსიკურობის შემცირებაზე უნდა იმუშაო", — ამბობს მაურა.