ვართ თუ არა უკანასკნელი თაობა, რომელიც ციცინათელებს მოესწრო

ციცინათელები

ბოლო დროს სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩვენ ციცინათელების მომსწრე უკანასკნელი თაობა ვართ. რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრება სინამდვილეს?

2024 წელს გამოქვეყნდა კვლევა, რომელშიც მეცნიერებმა ჩრდილოეთ ამერიკაში ციცინათელების პოპულაციების შემცირება შეისწავლეს. ნაშრომმა ამის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი გამოავლინა, მაგალითად, კლიმატის ცვლილება, ციცინათელების ჰაბიტატის გაქრობა და ადამიანური ფაქტორების ზეგავლენა.

მკვლევრებმა სხვა მეცნიერების მიერ ჩატარებული საველე გამოკითხვები მანქანური სწავლების სხვადასხვა ტექნიკით შეაფასეს. ეს Firefly Watch-ის 24 000 გამოკითხვას მოიცავდა.

ციცინათელები ხოჭოები არიან. ეს ნიშნავს, რომ მათ თბილი და ნესტიანი ზაფხული უყვართ, განსაკუთრებით გუბეები და მაღალი ბალახები — ეს ციცინათელების შესაჯვარებლად იდეალური პირობებია. მეორე მხრივ, გლობალური დათბობისა და ნალექიანობის შემცირების გამო ისეთი გარემო იქმნება, რომელშიც ამ ხოჭოების გადარჩენის ალბათობა დაბალია. ისიც უნდა ითქვას, რომ ჭარბმა ნალექიანობამ შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიღოს — ციცინათელების გამრავლების ადგილები დატბოროს.

ეს ყველაფერი არ არის. ამ ხოჭოების ბუნებრივ ჰაბიტატს სხვა ფაქტორებიც, მაგალითად, ურბანიზაცია ანადგურებს. ამაში როგორც ტროტუარების ან გზების დაგებას, ასევე ქუჩის განათებებს ვგულისხმობთ. ეს უკანასკნელი ციცინათელების შეჯვარების რიტუალს არღვევს — განათებები ამ ხოჭოების ბუნებრივ ბიოლუმინესცენციურ კომუნიკაციას უშლის ხელს.

პრობლემატურია სოფლის მეურნეობაც: პესტიციდებისა და ჰერბიციდების ჭარბი გამოყენება ციცინათელების პოპულაციების შემცირებასთანაა დაკავშირებული. სავარაუდოდ, მათში შემავალი ნივთიერებები ციცინათელებისთვის საზიანოა.

2024 წლის კვლევის მიხედვით, ციცინათელების პოპულაციების შემცირება საყოველთაო პრობლემაა არ არის. ამ ხოჭოების ზოგიერთი ადგილობრივი სახეობა ნამდვილად ქრება, მაგრამ ზოგადად ციცინათელების პოპულაციას ამ მასშტაბის საფრთხე არ ემუქრება.

მეცნიერების კომუნიკატორმა ჰენკ გრინმა სოციალურ პლატფორმა ტიკტოკზე ვიდეო ატვირთა: გრინი ფართოდ გავრცელებულ მითს დაუპირისპირდა, რომლის მიხედვითაც, ვითომდა ციცინათელების მომსწრე უკანასკნელი თაობა ვართ. 

იმისდა მიუხედავად, რომ ციცინათელების გაქრობა გლობალური პრობლემა არ არის, მათი ლოკალურად გაქრობაც შემაშფოთებელია. ამ პროცესის შეფერხება შესაძლებელია — მაგალითად, ნაკლები ქუჩის განათების გამოყენებით, ბუნებრივი ჰაბიტატის შენარჩუნებითა და მეტად ეკომეგობრული სამეურნეო პრაქტიკების დანერგვით.