ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი რუსული ენერგორესურსების იმპორტის შეწყვეტის გეგმას მაისში წარადგენს

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი რუსული ენერგორესურსების იმპორტის შეწყვეტის გეგმას მაისში წარადგენს, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ლონდონში გამართულ სამიტზე და 2022 წელს დადებული პირობა გაიხსენა, რომლის მიხედვითაც, გაერთიანება 2027 წლისთვის რუსულ ნავთობსა და გაზზე სრულად იტყვის უარს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა რუსული გაზი ევროკავშირის იმპორტის 45%- ის ნაცვლად 18%-ს იკავებს. ნავთობის მხრივ, ევროკავშირმა რუსეთიდან იმპორტი 20%-დან 2%-მდე შეამცირა, ხოლო რუსული ნახშირის იმპორტი ნულამდეა დაყვანილი.

„რუსული ენერგორესურსის იმპორტის ნულამდე ეტაპობრივად დაყვანის გეგმას, ორ კვირაში ენერგეტიკის ევროკომისარი, დენ იორგენსენი წარადგენს, რათა აღარ ვიყოთ დამოკიდებული მტრულად განწყობილ დერჟავაზე. ახლა რუსული გაზი ევროკავშირის იმპორტის 45 % -ის ნაცვლად, 18%-ს იკავებს. მისი შემცირება შეერთებული შტატებიდან თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის გაზრდისა და ნორვეგიიდან ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდის წყალობით გახდა შესაძლებელი. ეს ენერგეტიკული პარტნიორობა, მათ შორის შეერთებული შტატებიდან, თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის”, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.