1746007492
უკრაინას სურს ცვლილებები წიაღისეულის შეთანხმებაში, ვაშინგტონი ხელმოწერისთვის მზად არის - სკოტ ბესენტი

უკრაინას სურს ცვლილებები წიაღისეულის შეთანხმებაში, ვაშინგტონი ხელმოწერისთვის მზადაა, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.
„ჩვენი მხარე მზადაა ხელმოსაწერად. უკრაინელებმა გუშინ საღამოს გადაწყვიტეს რამდენიმე ცვლილების შეტანა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი გადახედავენ ამ გადაწყვეტილებას, და ჩვენ მზად ვართ ხელი მოვაწეროთ დღეს საღამოს, თუ ისინიც მზად არიან“,- განაცხადა ბესენტმა თეთრ სახლში გამართული კაბინეტის სხდომაზე.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ცვლილებაზეა საუბარი, ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან არანაირი ცვლილება არ ყოფილა.
„ეს იგივე შეთანხმებაა, რაზეც შევთანხმდით შაბათ-კვირას. ჩვენი მხრიდან არანაირი ცვლილება არ ყოფილა“,- აღნიშნა ბესენტმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმება უკვე მიღწეულია და ის ვარაუდობს, რომ უკრაინა პატივს სცემს მას.
„მე არ მინდოდა რთული შეთანხმების დადება. არ მინდოდა ისეთი შეთანხმების დადება, რომელიც ვერ განხორციელდებოდა, რადგან უკრაინას არ აქვს ბევრი ფული. ისინი ძალიან ცუდ პერიოდს გადიან. მათ აქვთ ძალიან კარგი იშვიათი წიაღისეული. როგორც იცით, ჩვენ ყოველთვის ვეძებთ იშვიათ წიაღისეულს და მათ ბევრი აქვთ. ჩვენ დავდეთ შეთანხმება, სადაც ჩვენი ფული დაცულია. ეს მათთვისაც კარგია, რადგან ადგილზე ეყოლებათ აშშ-ის წარმომადგენლობა. ასე რომ, ჩვენ დავდეთ შეთანხმება, და ვვარაუდობ, რომ ისინი პატივს სცემენ ამ შეთანხმებას. მე სკოტი დავნიშნე პასუხისმგებელ პირად და სკოტმა ეს ბრწყინვალედ გააკეთა, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვინახავს ამ შეთანხმების ნაყოფი. ვვარაუდობ, რომ ვნახავთ“,- განაცხადა ტრამპმა.