თურქეთში ნარკოტიკების საქმეზე 17 არტისტი, მომღერალი და ბიზნესმენი დააკავეს

თურქი არტისტები

თურქეთის პოლიციამ 17 ადამიანი დააკავა სტამბოლის გენერალური პროკურატურის გამოძიების ფარგლებში, რომელიც კონტრაბანდას, ნარკოტიკებსა და ეკონომიკურ დანაშაულებს ეხება.

პროკურატურის განცხადების მიხედვით, დაკავების ორდერები სულ 25 პირზე იყო გაცემული.

„საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, დღეს ჩატარებული დაკავებების და ჩხრეკებისა შედეგად 25 ეჭვმიტანილიდან 17 დააკავეს. ჩხრეკისას ამოღებულია, ჯამში, 52,46 გრამი მარიხუანა. რვა ეჭვმიტანილის დასაკავებლად მოქმედებები გრძელდება“, – ნათქვამია სტამბოლის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

ტელეკომპანია Habertürk-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილთა შორის არიან თურქეთში ცნობილი არტისტები. კერძოდ, საუბარია როკჯგუფ Duman-ის სოლისტზე, ქაან ტანგიოზე, რომელსაც 17 გრამი მარიხუანა აღმოაჩნდა; ასევე მომღერალ მურათ დაჰლქილიჩზე და ცნობილ მსახიობზე, ისმაილ ჰაჯიოღლუზე, რომლისგანაც 33 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს.

დაკავებულთა სიაში ასევე არიან ადგილობრივი მეწარმეები. მათ შორის საცალო ვაჭრობის, ლოგისტიკისა და მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანიების ხელმძღვანელები ან პარტნიორები.