1746007492
ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტა, სულ მცირე, 30 დღით არის აუცილებელი, გამოსავალი მოლაპარაკებების გზით უნდა ვეძებოთ - ზელენსკი

ჩვენ უნდა შევწყვიტოთ დარტყმები, შევწყვიტოთ მკვლელობები და შემდეგ, მოლაპარაკებების გზით, გამოსავალი ვეძებოთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი ყოველდღიური მიმართვისას ისაუბრა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საკითხზე კანადის პრემიერ-მინისტრთან, მარკ კარნისთან ისაუბრა.
„ახლახან ვესაუბრე მარკ კარნის, კანადის პრემიერ-მინისტრს, არჩევნებში მისმა პარტიამ გაიმარჯვა. მივულოცე პრემიერ-მინისტრს ეს გამარჯვება, დარწმუნებული ვარ, კანადასთან ჩვენი ურთიერთობები კვლავ ძლიერი იქნება. პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ. ჩვენ შევთანხმდით, რომ აგრესორის წინააღმდეგ ძლიერი სანქციები კვლავაც საჭიროა. ასევე, ვისაუბრეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის, დიპლომატიისა და ძირითად პარტნიორებთან კომუნიკაციის შესახებ. მე მოვიწვიე პრემიერ-მინისტრი უკრაინაში – კიევში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ცეცხლის სრული, უპირობო შეწყვეტა, სულ მცირე, 30 დღით.
„აუცილებელია ცეცხლის სრული შეწყვეტა, უპირობოდ, მინიმუმ 30 დღით. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ დარტყმები, შევწყვიტოთ მკვლელობები და შემდეგ, მოლაპარაკებების გზით, გამოსავალი ვეძებოთ. მზად ვართ საუბრის ნებისმიერი ფორმატისთვის. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დარტყმები და ომი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.