ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა ჰორმუზის სრუტეში გემებისთვის 20%-იანი გადასახადი ჩაანაცვლოს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა ჰორმუზის სრუტეში გემებისთვის 20%-იანი გადასახადი ჩაანაცვლოს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით.

„ნავთობი მიედინება ისე, როგორც არასდროს, შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების საოცარი ძალის წყალობით. განსაკუთრებული პატივისცემა ომის მდივანს, პიტ ჰეგსეტს, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, დენ კეინს და შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის მეთაურს, ადმირალ ბრედ კუპერს. მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არმიის ყველა წევრის დამსახურებით, ჰორმუზის სრუტე ღიაა საზღვაო მოძრაობისთვის, გარდა ირანისა - ეს კი მათი მატყუარა, მოძალადე და ბოროტი ხელმძღვანელობის გამო ხდება, რომელიც მათ „ტოტალური განადგურების“ გზაზე მიუძღვის. ამიტომ, ჩვენ განვახორციელებთ სრულ ბლოკადას, მაგრამ მხოლოდ იმ გემებზე, რომლებიც მოდიან ირანის პორტებიდან ან მიდიან იქით, ან გადააქვთ რაიმე ისეთი, რაც ირანულ ტვირთთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნა აშშ-ის ლიდერმა.

„ახლო აღმოსავლეთის ლიდერებთან ძალიან ნაყოფიერი საუბრების საფუძველზე, გადავწყვიტე, შეერთებული შტატების 20%-იანი „ანაზღაურების გადასახადი“ შევცვალო სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით, რომლებსაც სპარსეთის ყურის სხვადასხვა სახელმწიფო დადებს შეერთებულ შტატებთან. ეს ინვესტიციები იქნება მასშტაბური და, ამავდროულად, უკიდურესად მომგებიანი მათთვის და მათი მომავლისთვის. ჩვენ ვიხილავთ ქარხნების, საწარმოებისა და აღჭურვილობის შემოდინებას შეერთებულ შტატებში ისტორიულ დონეზე, რაც დამატებით მილიონობით მაღალანაზღაურებად ამერიკულ სამუშაო ადგილს შექმნის! ამერიკა კვლავ იმარჯვებს, იმარჯვებს ისე, როგორც არასდროს. დღეები, როდესაც ირანი ასობით ათას ადამიანს კლავდა, მათ შორის 52 000 მომიტინგე, დასრულებულია და, რაც მთავარია, ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“, - დასძინა მან.