ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ შექმნის საკვების ცენტრებს ღაზაში

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ შექმნის „საკვების ცენტრებს“ ღაზაში, რათა მოაგვაროს მიმდინარე შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების კრიზისი.

„ჩვენ დავაარსებთ საკვების ცენტრებს და ამას ვაკეთებთ ერთობლივად ძალიან კარგი ადამიანების დახმარებით. ჩვენ მივაწვდით ფინანსურ რესურსებს - ჩვენ ახლახან მივიღეთ ტრილიონობით დოლარი, გვაქვს ბევრი ფული და ცოტას დავხარჯავთ საკვებზე. სხვა ქვეყნებიც უერთდებიან ამ პროცესს. ასე რომ, დავაარსებთ საკვების ცენტრებს, სადაც ადამიანები შეძლებენ თავისუფლად შესვლას - საზღვრების გარეშე, ღობეების გარეშე“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპი ასევე არ დაეთანხმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას, რომ „ღაზაში შიმშილი არ არის“.

„ეს ნამდვილი შიმშილია. მე ამას ვხედავ, და ამას ვერ გააყალბებ. ასე რომ, ჩვენ კიდევ უფრო მეტად ჩავერთვებით“, - დასძინა მან.