ტრამპი: ჩვენ არ მივცემთ ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლებას - ეს არის და ეს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სანაპირო დაცვის აკადემიის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, თეირანის ბირთვულ პროგრამას შეეხო.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ადმინისტრაციის მკაფიო პოზიცია, რომ აშშ ომში იმარჯვებს, ხოლო ირანს შეთანხმების მიღწევა უზომოდ სურს.

„ჩვენ არ მივცემთ ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლებას. ეს არის და ეს. ყველაფერი ძალიან მარტივია. ჩვენ უზარმაზარი მხარდაჭერა გვაქვს, თუმცა ამას ყალბი ახალი ამბების კითხვით ვერ შეიტყობთ. მათ ძალიან სურთ შეთანხმების დადება, ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყით და შესაძლოა, კიდევ უფრო ძლიერადაც მოგვიწიოს დარტყმა. მაგრამ ირანს ბირთვულ იარაღს არავითარ შემთხვევაში არ ჩავაგდებინებთ ხელში“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტის თქმით, ირანისთვის ბირთვული არსენალის ხელმისაწვდომობა საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ისრაელს, არამედ „მთელ ახლო აღმოსავლეთს ააფეთქებს“.

ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეირანის ბირთვული ამბიციები პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს უშუალოდ ამერიკელი ხალხისთვისაც, აშშ-ის ტერიტორიაზე.