ტრამპი აცხადებს, რომ აშშ „ჰუსიტების“ დაბომბვას შეწყვეტს

ტრამპი

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ შეწყვეტს „ჰუსიტების“ დაბომბვას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში, კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან შეხვედრისას ისაუბრა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იემენელმა „ჰუსიტებმა“ აშშ-ს შეატყობინეს, რომ წითელ ზღვაში გემების წინააღმდეგ თავდასხმებს შეწყვეტენ.

ტრამპმა აღნიშნა, რომ „ჰუსიტებმა“, სავარაუდოდ, განაცხადეს, რომ „აღარ სურთ ომი“ და ვაშინგტონი პატივს სცემს ამ გადაწყვეტილებას.

„ჩვენ შევწყვეტთ დაბომბვებს. ისინი დანებდნენ. ჩვენ დავუჯერებთ მათ სიტყვას, რომ აღარ ააფეთქებენ გემებს და სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ „ისინი თუ შეჩერდებიან, აშშ-ც შეჩერდება“.