ტრაგედია ბრაზილიაში - ვერტმფრენების შეჯახებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილია შეჯახება

ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ექვსივე ადამიანი დაიღუპა, - აცხადებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ოფიციალურმა უწყებებმა გამოძიება დაიწყეს, რათა დაადგინონ კვირას დილით მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზები. შემთხვევა ქალაქის დასავლეთ გარეუბანში, რეკრეიო დოს ბანდეირანტესის რაიონში მოხდა.

მეხანძრეების ინფორმაციით, ვერტმფრენები შეჯახების შემდეგ ელექტრომობილების სადილერო ცენტრის ავტოსადგომზე ჩამოვარდნენ, რის შედეგადაც დაახლოებით 20 ავტომობილი დაიწვა.

სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის, ფაბიო კონტრეირასის განცხადებით, ხანძრის ჩაქრობა განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა, რადგან ელექტრომობილებში გამოყენებული ლითიუმ-იონური ბატარეებიდან ტოქსიკური აირები გამოიყოფოდა.

„როდესაც ასეთი ტიპის ბატარეა იწვის, ის გამოყოფს ძლიერ ტოქსიკურ აირებს და მნიშვნელოვნად ზრდის როგორც ტემპერატურას, ისე ხანძრის სიმძაფრეს,“ - განაცხადა კონტრეირასმა.