The New York Times: აშშ-ის სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, რომ ირანი ინარჩუნებს მნიშვნელოვან სარაკეტო შესაძლებლობებს

ნიი

 ტრამპის ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ირანის განადგურებული სამხედრო ძალების შესახებ მკვეთრად ეწინააღმდეგება იმას, რასაც აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები პოლიტიკოსებს დახურულ კარს მიღმა ატყობინებენ, - წერს გამოცემა The New York Times-ი სტატიაში სათაურით „აშშ-ის სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, რომ ირანი ინარჩუნებს მნიშვნელოვან სარაკეტო შესაძლებლობებს“.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საიდუმლო შეფასებების თანახმად, ირანმა აღიდგინა წვდომა თავისი სარაკეტო პოლიგონების, გამშვები მოწყობილობებისა და მიწისქვეშა ობიექტების უმეტესობაზე.

ზოგიერთი მაღალჩინოსნისთვის ყველაზე საგანგაშო არის მტკიცებულება იმისა, რომ ირანმა აღადგინა ოპერატიული წვდომა ჰორმუზის სრუტის გასწვრივ არსებული 33 სარაკეტო პოლიგონიდან 30-ზე, რაც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ამერიკულ სამხედრო ხომალდებსა და ნავთობის ტანკერებს, რომლებიც ამ ვიწრო სანაოსნო გზას გადიან.

ამ შეფასებებში ჩახედული პირების განცხადებით, მონაცემები აჩვენებს - სხვადასხვა ხარისხით, იმის მიხედვით, თუ რა დონის ზიანი მიადგა კონკრეტულ ობიექტებს - რომ ირანელებს შეუძლიათ გამოიყენონ ობიექტების შიგნით არსებული მობილური გამშვები მოწყობილობები რაკეტების სხვა ადგილებში გადასატანად.

ზოგ შემთხვევაში მათ რაკეტების გაშვება პირდაპირ იმ სასტარტო მოედნებიდან შეუძლიათ, რომლებიც ამ ბაზების ნაწილია. შეფასებების თანახმად, სრუტის გასწვრივ არსებული სარაკეტო პოლიგონებიდან მხოლოდ სამი რჩება სრულიად მიუწვდომელი.

შეფასებების თანახმად, ირანი კვლავ ფლობს ქვეყნის მასშტაბით არსებული მობილური გამშვები მოწყობილობების დაახლოებით 70 პროცენტს და შენარჩუნებული აქვს ომამდელი სარაკეტო მარაგის დაახლოებით 70 პროცენტი.

ეს მარაგი მოიცავს როგორც ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებსაც რეგიონის სხვა ქვეყნების მიზანში ამოღება შეუძლიათ, ისე ფრთოსანი რაკეტების შედარებით მცირე მარაგს, რომლებიც გამოიყენება ხმელეთსა თუ ზღვაზე არსებული ახლო მანძილის სამიზნეების წინააღმდეგ.

სამხედრო სადაზვერვო სააგენტოებმა ასევე განაცხადეს - სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის თანამგზავრული გამოსახულებებისა და სხვა სათვალთვალო ტექნოლოგიების მეშვეობით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით - რომ ირანმა აღიდგინა წვდომა ქვეყნის მასშტაბით არსებული მიწისქვეშა სარაკეტო საცავებისა და გამშვები ობიექტების დაახლოებით 90 პროცენტზე.

ამ შეფასებებში ჩახედული პირების თქმით, აღნიშნული ობიექტები ამჟამად მიჩნეულია „ნაწილობრივ ან სრულად ოპერატიულად“.

„ეს მიგნებები ეჭვქვეშ აყენებს პრეზიდენტ ტრამპისა და თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის მიერ თვეების განმავლობაში გაკეთებულ საჯარო დაპირებებს, რომლებიც ამერიკელებს არწმუნებდნენ, რომ ირანის სამხედრო ძალები „განადგურებული იყო“ და საფრთხეს „აღარ წარმოადგენდა“, - წერს გამოცემა The New York Times-ი.