1756322176
სიცრუეა კრემლის პროპაგანდა, თითქოს ევროპელებს სურთ უკრაინაში ომის გაგრძელება - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, რომელიც მოლდოვის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად კიშენეუში ჩავიდა, გამოთქვა საფრანგეთის „მტკიცე მხარდაჭერა“ მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მისწრაფებისადმი და ასევე დაგმო რუსეთის მიერ გავრცელებული სიცრუე.
„კრემლის პროპაგანდა ამტკიცებს, თითქოს ევროპელებს სურთ უკრაინაში ომის გაგრძელება და ევროკავშირი ერებს ავიწროებს. ეს სიცრუეა. განსხვავებით რუსეთისგან, ევროკავშირი არავის ემუქრება და ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს სცემს პატივს“, – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი მოლდოვაში სიმბოლური ვიზიტით გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ერთად ჩავიდა.
ცნობისთვის, მოლდოვაში 28 სექტემბერს პარლამენტის არჩევნები უნდა გაიმართოს. მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მანამდე განაცხადა, რომ მოსკოვი უპრეცედენტო ჩარევას ამზადებს ამომრჩევლების მოსყიდვის, დეზინფორმაციის, კიბერთავდასხმების, დაფინანსებული აქციების ორგანიზებისა და სხვა გზებით.