სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც მოსამართლე დაიღუპა (ალბანეთი)

ალბანეთი

ალბანეთში, სააპელაციო სასამართლოში პროცესის მიმდინარეობისას მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც მოსამართლე დაიღუპა. მოსამართლე ასტრიტ კალაია საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ასევე, სროლის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი – მამა-შვილი, რომლებიც ქონებრივი დავის მონაწილეები არიან.

ეჭვმიტანილი, 30 წლის ელვის შკემბი პოლიციამ დააკავა. დაკავებულია მისი ბიძაც, რომელიც ასევე სასამართლო საქმის ფიგურანტია. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა დააკავეს სასამართლოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც შეიარაღებული პირის შენობაში შეშვებაში სდებენ ბრალს.

ალბანეთის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელმა მოსამართლეს რამდენჯერმე ესროლა, როგორც კი მან ვერდიქტი გამოაცხადა, შემდეგი კი მოსარჩელეების მიმართულებით გახსნა ცეცხლი. მომხდარის შემდეგ თავდამსხმელმა სხდომათა დარბაზი დატოვა და იარაღი სასამართლოს მდივანს ჩააბარა. სამართალდამცველების განცხადებით, თავდამსხმელის ბიძამ არ მიმართა ზომებს მისი დანაშაულებრივი ქმედებების შესაჩერებლად, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ის გეგმის შესახებ ინფორმირებული იყო და წამქეზებლის ან თანამზრახველის როლს ასრულებდა.

მომხდარს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ედი რამა, რომელმაც მოკლული მოსამართლის ოჯახს მიუსამძიმრა.

„ეჭვგარეშეა, დანაშაულებრივი აგრესია მოსამართლის წინააღმდეგ საჭიროებს ყველაზე მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას აგრესორის მიმართ“, – თქვა ედი რამამ და ქვეყნის სასამართლოებში უსაფრთხოების ზომების გაძლიერება და იარაღის უკანონო ფლობისთვის სასჯელის გამკაცრება მოითხოვა.

მოსამართლე ასტრიტ კალაია ტირანაში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ 2019 წელს დაინიშნა, მანამდე ის საოლქო სასამართლოში მუშაობდა.