1749744057
სამხედრო ტყვეების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რომ უკრაინამ 1 212 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 1 212 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო ტყვეების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს. შტაბის ცნობით, დაბრუნებულ ცხედრებს შორის არიან რუსეთის კურსკის ოლქში დაღუპულები, ასევე უკრაინის ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში.
ცხედრების დაბრუნება არის უკრაინის შესაბამისი უწყებების მუშაობისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელშეწყობის შედეგი. საკოორდინაციო შტაბის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლები შსს-ს ექსპერტებთან ერთად უმოკლეს ვადებში დაადგენენ დაღუპულთა ვინაობას.
მანამდე, რუსული მხარე ამტკიცებდა, რომ 1 212 უკრაინელი სამხედროს ცხედარი ბელარუსი-უკრაინის საზღვრის შეთანხმებულ რაიონში 7 ივნისს გადაიყვანა და უკრაინული მხარისგან მათ მიღებას ელოდებოდა.
დღეს, რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, შეასრულოს სტამბოლში მიღწეული შეთანხმება, რაც გულისხმობს უკრაინისთვის ექვსი ათასი ჯარისკაცის ცხედრის გადაცემას.
სამხედრო ტყვეებისა და ცხედრების გაცვლაზე მოსკოვი და კიევი სტამბოლში 2 ივნისს გამართული მოლაპარაკებებისას შეთანხმდნენ.