საფრანგეთის ეროვნული მაუწყებელი საბავშვო ევროვიზიის მასპინძლობაზე უარს აცხადებს

2025 ევროვიზიის გამარჯვებული

საფრანგეთის ეროვნული მაუწყებელი აცხადებს, რომ 2026 წლის საბავშვო ევროვიზიას არ უმასპინძლებს.

როგორც საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებულ ქვეყანას, საფრანგეთს 2026 წლის კონკურსის მასპინძლობაზე უარის თქმის უფლება ჰქონდა.

France Télévisions-ში განაცხადეს, რომ კონკურსის ჩატარებაზე უარს ფინანსური მიზეზების გამო ამბობენ. მაუწყებლის განცხადებით, 2026 წლის ბიუჯეტის დასაბალანსებლად ორგანიზაციას 140 მილიონი ევროს დაზოგვა სჭირდება.

განცხადებაში France Télévisions-მა დაასახელა ის ნაბიჯები, რომელთა მეშვეობითაც საჭირო თანხის დაზოგვას გეგმავს, მათ შორისაა ეროვნული პროგრამების ბადის ხარჯების შემდგომი შემცირება, განმეორებით ეთერში გასული შემოქმედებითი პროგრამების რაოდენობის გაზრდა, გარკვეული გადაცემების შეწყვეტა და შესაძლოა ერთი ან რამდენიმე სპორტული ღონისძიების მაუწყებლობის უფლებების გადაყიდვაც.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საფრანგეთმა გამარჯვების შემდეგ საბავშვო ევროვიზიის მასპინძლობაზე უარი თქვა. 2024 წელს საფრანგეთმა კონკურსის ჩატარებაზე უარი განაცხადა მას შემდეგ, რაც წინა სამი კონკურსიდან ორს უმასპინძლა და გადაწყვიტა, ყურადღება გადაეტანა 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მაუწყებლობაზე. შედეგად, მასპინძელი ქვეყანა ესპანეთი გახდა და 2024 წლის კონკურსი მადრიდში ჩატარდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გავლენას მოახდენს საფრანგეთის ეროვნული მაუწყებლის ბიუჯეტის შემცირებები საფრანგეთის 2026 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობაზე.

ცნობისთვის, 13 დეკემბერს თბილისში გამართულ საბავშვო ევროვიზია 2025-ის კონკურსში ფრანგმა მონაწილემ გაიმარჯვა.