რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის სენატმა კონგრესს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა

აშშ სენატი

აშშ-ის სენატმა სტამბოლში რუსეთ-უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ კონგრესს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი და რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი აცხადებენ.

„პუტინი გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის პროცესის გაჭიანურებას, სანამ მის ეკონომიკას სერიოზულ დარტყმას არ მივაყენებთ – ფინანსური იზოლაციის ჩათვლით“, – განაცხადა რიჩარდ ბლუმენტალმა.

ლინდსი გრემმა, რომელიც მიმდინარე კვირაში თურქეთში, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იმყოფებოდა, კონგრესს კანონპროექტის მიღებისკენ მოუწოდა.

„რუსეთის თამაშებზე როდესაც არის საუბარი, დროა, ვთქვათ: საკმარისია“, – აღნიშნა ლინდის გრემმა.

აღსანიშნავია, რომ 1-ელ აპრილს, ლინდსი გრემისა და რიჩარდ ბლუმენტალის ხელმძღვანელობით, სენატში ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ კრემლი ჩაშლის აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო ძალისხმევას უკრაინასთან მიმართებაში.

შეგახსენებთ, 16 მაისს, სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკება გაიმართა.