როგორც ჩანს, კიევის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, თავისი დანაშაულების სერიაში ახალი ფურცელი გადაშალოს და კონფლიქტს ახალი ხარისხი შესძინოს - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინამ ლუგანსკსა და ხერსონის ოლქზე თავდასხმებით კონფლიქტს ახალი ხარისხი შესძინა.

„როგორც ჩანს, სტარობილსკის პედაგოგიურ კოლეჯში და ახლა გენიჩესკში ბავშვებისა და მოზარდების წინააღმდეგ განზრახ – დიახ, განზრახ – მძიმე დანაშაულის ჩადენით კიევის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, თავისი დანაშაულების სერიაში ახალი ფურცელი გადაშალოს და მთლიანად კონფლიქტს ახალი ხარისხი შესძინოს. ეს მათი არჩევანია“, – განაცხადა პუტინმა სტარობილსკში ტერორისტული თავდასხმის გამოძიების შესახებ გამართულ სხდომაზე.

პუტინის თქმით, „ყველა პასუხისმგებელმა პირმა უნდა მიიღოს ის სასჯელი, რასაც იმსახურებს“.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, შეხვედრის საჯარო ნაწილის დასრულების შემდეგ განხილვა დახურულ ფორმატში გაგრძელდება.

რუსული მხარის ინფორმაციით, 22 მაისს ლუგანსკში, სტარობელსკის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, შენობაში იმ დროს 86 ბავშვი იმყოფებოდა.

რუსეთის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, ინციდენტის შედეგად 44 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 42 სტუდენტი და კოლეჯის ორი თანამშრომელი. დაზარალებული სტუდენტების ასაკი 15-დან 22 წლამდე იყო.

ამასთან, რუსეთის ცნობით, 31 მაისს უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს გენიჩესკში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებზე, რის შედეგადაც ერთი ბავშვი დაიღუპა და 11 ადამიანი დაშავდა.