ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლე

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. "ევრაზიის ინსტიტუტის" დამფუძნებელი, სუსის ინფორმაციით, ერთდროულად ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან თანამშრომლობდა.

გულბაათ რცხილაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

"ბრალდებულმა აღნიშნა, რომ არ არის დამნაშავე, არ იყო ჯაშუში და მოღალატე. ის ქართველია, პატრიოტი ადამიანია და მზადაა, ითანამშრომლოს ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურებთან. ბატონი გულბაათი ამბობდა ხოლმე თვითონ - წიგნი რომ თარგმნა, ახალი წიგნი გამოუშვა, კონფერენციებში გარკვეულ ჰონორარებს იღებდა. სამამულო ომის შესახებ აქვს დაწერილი წიგნი - მე მაჩუქა, მაგალითად. საჯარო სივრცეში რა ინფორმაციაც იყო, იმის ანალიზს აკეთებდა და, როგორც პოლიტოლოგი, ექსპერტულ დასკვნებს დებდა," - აცხადებს გულბაათ რცხილაძის ადვოკატი.

მეორე დაკავებულის - "სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელის, ირაკლი ჩიხლაძის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

გამოძიების ცნობით, ჩიხლაძე სადაზვერვო ქსელს მართავდა, მოპოვებულ ინფორმაციას კი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს აწვდიდა. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საქმეში ფიგურირებს მატერიალური სარგებელი, რომლის სანაცვლოდაც, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, ხდებოდა ინფორმაციის მიწოდება.

დაკავებულებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.